ირაკლი კობახიძე - ადგილობრივი თვითმმართველობის დახვეწა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია
ირაკლი კობახიძე - ადგილობრივი თვითმმართველობის დახვეწა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია

ადგილობრივი თვითმმართველობის დახვეწა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალურ ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, დიდი პატივია, რომ საქართველოს პარლამენტი აღნიშნულ ღონისძიებას მასპინძლობს.

„სიმბოლურია, რომ დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი არჩევნების ჩატარებიდან 100 წლის იუბილეს. მაშინდელი თვითმმართველობა ეფუძნებოდა ჩვენი უდიდესი საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის იდეებს, რომელიც ამ ინსტიტუტის, ადგილობრივი თვითმმართველობის ერთ-ერთი უმთავრესი ქომაგი იყო იმ პერიოდში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე  საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის,  ნოე ჟორდანიას სიტყვებიც გაიხსენა.

„ჯერ კიდევ მაშინ, 1919 წელს, საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა,  ნოე ჟორდანიამ მერობათა წარმომადგენლობის მეორე ყრილობაზე შემდეგი განაცხადა: „ჩვენი წეს-წყობილება დემოკრატიულია, დემოკრატია კი, ორ ძალას ეყრდნობა: ქალაქს და სოფელს. გაძლიერება სოფლის და ქალაქის თვითმმართველობათა – აი, ჩვენი მთავრობის საზრუნავი საქმე. სადაც ეს თვითმმართველობანი ძლიერნი არ არიან, დემოკრატია სუსტია“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისი თქმით,  დღეს ქართული სახელმწიფო ინარჩუნებს მემკვიდრეობას, რომელიც ეფუძნებოდა ილია ჭავჭავაძის იდეებს, რომელსაც ეფუძნებოდა აღნიშნული სიტყვები.

„რა თქმა უნდა, ადგილობრივი თვითმმართველობის დახვეწა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავია“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის გენერალური ფორუმი საქართველოს პარლამენტში იმართება.  ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც მიესალმა.