გიორგი კვირიკაშვილი - ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ
ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ. არ მჭირდება ასეთი ქება, თავისი სიტყვები წაიღოს უკან, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის ბრალდებების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.
მისი თქმით, ტარიელ ხეჩიკაშვილი არის ძალიან ღირსეული ადამიანი და მას არასდროს შეურევია თავისი სახელმწიფოებრივი და ბიზნეს საქმიანობა.
“თავისი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი გააკეთა, დაასრულა გაუთავებელი კონფლიქტები სპორტულ ფედერაციებში, ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამა წამოიწყო ახალგაზრდობისთვის. ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ. არ მჭირდება ასეთი ქება, თავისი სიტყვები წაიღოს უკან”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
„უცნობმა“, გია გაჩეჩილაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს ცალკეულ კერძო კომპანიებთან კარტელური გარიგებები აკავშირებს.