გიორგი კვირიკაშვილი - აუდიტის სამსახური პარლამენტისთვის უმთავრესი ინსტიტუციური იარაღია
გიორგი კვირიკაშვილი - აუდიტის სამსახური პარლამენტისთვის უმთავრესი ინსტიტუციური იარაღია

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყოს ეფექტური, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა აუდიტის სამსახურის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

კვირიკაშვილმა  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ წარდგენილი სტრატეგია შეაფასა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2022 წლების საქმიანობას ეხება. განვითარების სტრატეგია მომავალი წლებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა წარადგინა.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყოს ეფექტური. ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელ კონტექსტშიც, როცა ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავდივართ მთლიანად. ეს ინსტიტუცია არის უმთავრესი ინსტიტუციური იარაღი პარლამენტისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კარგი მმართველობა, გამჭვირვალობა, რესურსების ეფექტური გამოყენება და ხარჯვა და ეფექტურობის კონტროლი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათი რეკომენდაციები იქნას გაზიარებული და მე მინდა მადლობა გადავუხადო დონორებს, რომლებიც ეხმარებიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ინსტიტუციური განვითარების ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტში. პირველ რიგში, ეს არის ევროკავშირი, GIZ, მსოფლიო ბანკი და USAID, რომლებთან ერთადაც სწორედ ამ სტრატეგიის განხორციელება ხდება”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამსახურის უფროსად შერჩეული იქნა პიროვნება, რომელსაც “პრაქტიკულად მთელმა პარლამენტმა დაუჭირა მხარი და მის პროფესიონალიზმსა და დამოუკიდებლობის ხარისხზე არც ერთი შეკითხვა არ დასმულა”.

“ბატონი ირაკლი მექვაბიშვილის გამოცდილება და რეპუტაცია არის ძალიან მაღალი და ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა შეძლო და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად შერჩეული იქნა დამოუკიდებელი კანდიდატი, მაღალი პროფესიონალიზმის ნიშნით და ასევე ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ სახალხო ომბუდსმენად შერჩეული იქნა ადამიანი, რომელიც სამოქალაქო სექტორიდან იყო წარმოდგენილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ გადადგა და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ ბალანსისთვის, რომელიც უნდა არსებობდეს სახელმწიფოში იმისთვის, რომ ინსტიტუციები ერთმანეთს აბალანსებდნენ და აკონტროლებდნენ. მივესალმები ამ სტრატეგიას. ეს სტრატეგია საშუალებას მოგვცემს, რომ გავაუმჯობესოთ მმართველობის ხარისხი ქვეყანაში, უფრო გამჭვირვალე გავხადოთ და და რა თქმა უნდა, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მიმართულებითაც ამას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა”, – აღნიშნა პრემიერმა.