გიორგი კვირიკაშვილი - ახალგაზრდებს მინდა ვთხოვო, ნუ იქნებიან ინდეფერენტულნი ნურც ერთი პრობლემის მიმართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ახალგაზრდებს სთხოვს, ნუ იქნებიან ინდეფერენტულნი პრობლემების მიმართ.
პრემიერმა ახალგაზრდების აქტიურობის და ქვეყნის განვითარების პროცესში მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ახალციხეში, „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველ ყოველწლიურ ფორუმზე ისაუბრა.
პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ ყოველწლიური ფორუმის ინიციატივა დინამიურ განვითარებას ჰპოვებს და მასში აქტიურად ჩაერთვებიან, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ასევე მოსახლეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდები.
„განსაკუთრებით ახალგაზრდებს მინდა ვთხოვო, ნუ იქნებიან ინდეფერენტულნი ნურც ერთი პრობლემის მიმართ. თქვენი აქტივობა, ძვირფასო ახალგაზრდებო არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. თქვენი აქტივობა ჩვენ გვაძლევს ენერგიას და თქვენი თამამი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასაც ძალიან სჭირდება“, – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, როგორც მან ფორუმზე აღნიშნა, რეგიონებში საჭიროა კვალიფიციური კადრები. მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობებში დღეს არის ადამიანური რესურსი, მაგრამ მეტია საჭირო.
„ჩვენი სურვილია, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მიიღებენ საუკეთესო განათლებას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, ისინი იყვნენ მოტივირებული, რომ წავიდნენ და თავიანთ რეგიონებს, თავიანთ სოფელს, თავიანთ რაიონს ემსახურონ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ თვითმმართველობის რეფორმის შედეგად, რეგიონებში გაცილებით მეტი საშუალება შეიქმნება ახალგაზრდების დასაქმებისა და მათი პოტენციალის გამოვლენისთვის.
„სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველი ყოველწლიურ ფორუმი დღეს ახალციხეში გაიმართა.