გიორგი კოხრეიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა
გიორგი კოხრეიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა

გიორგი კოხრეიძემ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსიდან კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს გიორგი კოხრეიძემ დაუდასტურა.

როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

„სამწუხაროდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა გამიუარესდა და არ მომეცა საშუალება, გავსულიყავი გასაუბრებაზე. გასაუბრების გარეშე კი, არ მინდოდა, კენჭისყრაში მონაწილეობა, რომ არ ჩამეყენებინა უხერხულ მდგომარეობაში არც საბჭოს წევრები და არც კანდიდატები“, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

ამასთან, გიორგი კოხრეიძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი დირექტორია.

როგორც ცნობილია, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კონკურსში ხუთი კანდიდატი იყო რეგისტრირებული: გიორგი კოხრეიძე, აკაკი ბერიძე, ნათია თავდგირიძე, ირაკლი გიორგაძე, დავით ჩხარტიშვილი.