„იემსი“ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ინტერესებს სასამართლოში დაიცავს
„იემსი“ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ინტერესებს სასამართლოში დაიცავს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (იემსი) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის, მაია მეკრვილაძისა და საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის საქმეებზე სასამართლოს უახლოეს დღეებში მიმართავს.

როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მთავარი მოთხოვნა თანამშრომლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწყების, სხვა პოზიციაზე გადაყვანისა და სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა, ასევე თანამშრომლების დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენაა.

სასამართლოსთვის მიმართვამდე, „იემსი“ ახალი მენეჯმენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აფასებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო რამდენიმე კვირაში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებელ საკვანძო თანამშრომლებს შრომითი პირობები გაუუარესა, შეუზღუდა, ან მათი ნაწილი სამსახურიდან გაათავისუფლა. კერძოდ, 2020 წლის 2 თებერვალს კონტრაქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შეზღუდვისა და სამუშაო გარემოში შევიწროების და კონტროლის მძიმე პრაქტიკის გამო, მაუწყებელი დატოვა მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ. პროცედურებისა და საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევით მრჩეველთა საბჭოს მიერ საშტატო ნუსხაში შეტანილი ცვლილებებისა და მოჩვენებითი სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, 2020 წლის 19 თებერვალს მაია მერკვილაძე ახალი ამბების სამსახურის სარედაქციო მიმართულებით უფროსის მოადგილის პოზიციიდან გადაიყვანეს რადიო მაუწყებლობის სამსახურში.

2020 წლის 28 თებერვალს ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, თვითნებური და უსაფუძვლო დისციპლინური დევნის შემდეგ, დირექტორმა სამსახურიდან გაათავისუფლა. 2020 წლის 6 მარტს ისე, რომ დირექტორმა დისციპლინური წარმოების წესი და პროცედურები არ დაიცვა, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანს თეონა ბაკურიძეს დროებით შეუზღუდა კონტრაქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესრულება და მოხსნა ეთერიდან. ცხადია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები, რომელიც სარედაქციო გუნდში მაღალი პოზიციებისა და ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებების მქონე თანამშრომლებს შეეხოთ, შრომითი უფლებების უხეში დარღვევის პარალელურად, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მოშლისა და მასზე კონტროლის მოპოვების აშკარა ნიშნებს აჩენს.

მაუწყებელში შექმნილი მძიმე სამუშაო გარემო და მენეჯმენტის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების ეს ჯაჭვი, ჟურნალისტებსა და თანამშრომლებში აჩენს დასაბუთებულ შიშებს, რომ დამოუკიდებელი კადრების წმენდის და სარედაქციო პოლიტიკაში ინტერვენციის პრაქტიკა გაგრძელდება და ეს მაუწყებელზე ხელისუფლების კონტროლს საბოლოოდ გააფორმებს. 2019 წლის გაზაფხულიდან მაუწყებელში განვითარებული მოვლენების დინამიკა და კონტექსტი, მათ შორის, ნათია კაპანაძის უსაფუძვლო იმპიჩმენტი, გიორგი კოხრეიძის არჩევის პრობლემური წესი და პროცედურა, მანამდე ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული განცხადებები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, აჩვენებს, რომ ხელისუფლება მაუწყებელზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს და მისი მიზანია ამ მედიასივრცის კრიტიკულობის და დამოუკიდებლობის შესუსტება.

მაუწყებლის დამოუკიდებლობის დასუსტება გააქრობს იმ ღია, კრიტიკულ საზოგადოებრივ სივრცეს, რომელიც აჭარის მაუწყებელმა ბოლო პერიოდში შექმნა და რომელიც არაპრივილეგირებული, ჩაგრული სოციალური ჯგუფებისთვის მათი საჭიროებების, წუხილებისა და ინტერესების რეპრეზენტაციის და მათი ხმის მიწვდენის რესურსი გახდა. ცხადია, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესი არსებული პოლიტიკური გარემოს ზოგად კონტექსტში უნდა იქნას დანახული, სადაც აშკარაა ხელისუფლების ინტერესი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით დაასუსტოს კრიტიკულ პოზიციებზე მყოფი პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია ჯგუფები და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს.

ჩვენ სასამართლოში ვიცავთ მაია მერკვილაძის, შორენა ღლონტისა და თეონა ბაკურიძის შრომით უფლებებსა და გამოხატვის თავისუფლებას და ამასთან, სამართლებრივ მხარდაჭერას ვუწევთ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიულ პროფესიულ კავშირს კოლექტიურ დავაში“ ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ცნობით, მაია მერკვილაძის, შორენა ღლონტისა და თეონა ბაკურიძის შრომითი საქმეების სამართლებრივი ანალიზი აჩვენებს, რომ მენეჯმენტის მხრიდან ამ გადაწყვეტილებების მიღება კანონის არსებითი და აშკარა დარღვევით განხორციელდა, რაც დამსაქმებლის მხრიდან საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, შიდა სარედაქციო პროცესში თვითნებური ჩარევისა და ხელყოფის შინაარსს ატარებს.

„იემსი“ უახლოეს დღეებში გეგმავს, სამოქალაქო დავის ფარგლებში მიმართოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვოს მაია მერკვილაძის, შორენა ღლონტისა და თეონა ბაკურიძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის სამსახურში პირვანდელ თანამდებობებზე აღდგენა.

„ამასთან, თეონა ბაკურიძის საქმეზე ჩვენ მოვითხოვთ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობამდე მისი უფლებამოსილების დროებითი შეჩერების შესახებ ზომის დაუყოვნებლივ შეჩერებას. გარდა ამისა, სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია და ჩვენ გავაგრძელებთ წარმოებას საშტატო განრიგის ცვლილების თაობაზე მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის სახით ჩვენ ამ გადაწყვეტილების შეჩერებას ვთხოვთ სასამართლოს. „იემსი“ საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის განახლებულ ინფორმაციას თითოეული საქმის წარმოების პროგრესის შესახებ. „იემსი“ სოლიდარობას უცხადებს აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტებს და დასაქმებულებს და გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი და პოლიტიკური ადვოკატირების გზებით შემდგომშიც დაეხმაროს მაუწყებლის დასაქმებულებს შრომითი უფლებებისთვის, გამოხატვის თავისუფლებისთვის და სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში“ ,- აცხადებენ ორგანიზაციაში.