გიორგი ირემაძე ნათია ზოიძეს მიმართავს, დასახელებულ ფაქტზე უფრო ღიად და ნათლად ისაუბროს
გიორგი ირემაძე ნათია ზოიძეს მიმართავს, დასახელებულ ფაქტზე უფრო ღიად და ნათლად ისაუბროს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი გიორგი ირემაძე მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ნათია ზოიძეს მიმართავს, დღეს დასახელებულ ფაქტზე უფრო ღიად და ნათლად ისაუბროს.

როგორც ირემაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მინიშნებები, თითქოს ვიღაც მიუგზავნეს, რომ ტელევიზიის დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა არ მიეღო, საკმარისი არ არის.

„იმ გადაწყვეტილებებმა, რომელიც მიიღო მრჩეველთა საბჭომ, ჩემი აზრით, აჩვენა, რომ ვერც ერთი ძალის მცდელობა, გავლენა მოეხდინა საბჭოს გადაწყვეტილებაზე, ვერ შედგა. ეს ძალიან კარგი და სასიამოვნოა. განცხადებები და ერთგვარი დადანაშაულება საბჭოსი არ არის სწორი და მომდევნო გადაწყვეტილებების დროსაც ვერ მოახდენს გავლენას“, – აღნიშნა ირემაძემ.

მისივე თქმით, ბორდი პოლიტიკურად მართული არ არის და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის არჩევისას, ორივე ტურის დროს ეს ნათლად გამოჩნდა.

„ვის როგორი ინტერპრეტაცია და წარმოდგენა აქვს ამასთან დაკავშირებით, არ შემიძლია, ამაზე რაიმე დისკუსიაში შევიდე. გადაწყვეტილებების მიმართ პოლიტიკურ ინტერესს არ გამოვრიცხავ. ძალიან ინფანტილური შეიძლება, იყოს წარმოდგენა, რომ ვინმეს რამე ინტერესი ამ გადაწყვეტილების მიმართ არ ჰქონდეს. სასიამოვნოა და ძალიან კარგია, რომ ეს ინტერესი არანაირად არ აისახა გადაწყვეტილებაზე“, – აღნიშნა ირემაძემ.

ნათია ზოიძემ მაუწყებლის მრჩეველები მთავრობის სასარგებლოდ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში დაადანაშაულა, ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტს და არჩევნებს კი პოლიტიკურად მართული პროცესი უწოდა. მისი თქმით, მიუგზავნეს ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანები და სთხოვდნენ, მშვიდად გამეგრძელებინა მუშაობა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და სასურველი იყო, დირექტორის არჩევნებში არ მიეღო მონაწილეობა. ნათია ზოიძე ასევე ამბობს, რომ მრჩეველთა საბჭოს წევრმა „ქართული ოცნების“ კვოტით, გიგა ჩხარტიშვილმა ეჭვქვეშ დააყენა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ზოიძე მუშაობს მაუწყებელში – „ფაქტობრივად, საჯაროდ მითხრეს, რომ მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას უნდა ჩამოვშორდე“, – წერს ნათია ზოიძე.