გიორგი კოხრეიძე აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილებების შესახებ საზოგადოების არასწორი ინფორმირება ხდება და აჭარის ტელევიზიაში გაფიცვის საფუძველი არ არსებობს
აჭარის ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე აცხადებს, რომ ტელევიზიის ჟურნალისტების განცხადებები უსაფუძვლოა. გიორგი კოხრეიძის თქმით, არ ურჩევდა ჟურნალისტებს, რომ გაფიცვის ფორმას მიმართონ.
როგორც კოხრეიძე ამბობს, ადგილი აქვს საზოგადოების არასწორ ინფორმირებას, რადგან მან თანამშრომლებს იმაზე მეტი შესთავაზა, ვიდრე თავად ელოდნენ. რაც შეეხება საინფორმაციო სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილე მაია მერკვილაძეს, ტელევიზიის დირექტორის თქმით, მას ყოველდღიური ერთსაათიანი თოქშოუს პროდიუსერობა შესთავაზა.
„მათი ნებაა. როგორც უნდათ, ისე იმოქმედონ. უბრალოდ, არ ვურჩევდი მსგავს მოქმედებას, არა, როგორც დირექტორი, არამედ, როგორც ადამიანი, რომელსაც გარკვეული ცხოვრებისეული პრაქტიკა მაქვს. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას, ძალიან არასწორი ინფორმირება ხდება საზოგადოების. მე ქალბატონ მაიას შევთავაზე ყოველდღიური ერთსაათიანი თოქშოუს პროდიუსერობა, რომელზეც პასუხისმგებელი იქნებოდა თვითონ. ამ პასუხისმგებლობას გაურბიან. საინფორმაციოს უფროსად რჩება შორენა ღლონტი, არაფერი იცვლება. საარჩევნო წელიწადია, ჩნდება ბევრი კითხვა. ა ბურთი, ა მოედანი, სრული თავისუფლება, მაგრამ პასუხისმგებელი იქნება თვითონ და არა ისე, რომ საინფორმაციო სამსახურში რაღაცა კეთდება და პასუხისმგებლობა მოდიოდეს შორენა ღლონტზე. მე მოვედი ამ სამსახურში, რათა ყველამ კარგად იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა. გადახედონ, იმაზე მეტი შევთავაზე, ვიდრე ელოდნენ. შეუძლია, მოიყვანოს როგორი გუნდიც უნდა, ექნება თავისუფლება, იმუშაოს და პასუხისმგებლობა აიღოს თავზე. ეს არის ემოციური ფონი. დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რომ გაფიცვის საფუძველი არ არსებობს. საზოგადოებრივი მაუწყებელია ეს და არა მერკვილაძის ტელევიზია. ის არის პროფესიონალი, ა ბატონო, გააკეთოს და აიღოს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.
დღეს, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წინ აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის თითქმის ყველა ჟურნალისტი, რამდენიმე საავტორო გადაცემის წარმომადგენლებთან ერთად, ტელევიზიის წინ აქციაზე გავიდა და დირექტორის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომლის მიხედვით, სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ, საინფორმაციო სამსახურში აღარ იქნება უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები აცხადებენ, შესაძლოა, გაფიცვის ფორმასაც მიმართონ.