გიორგი ხელაშვილი - საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტების მცდელობისას, რადიკალური ოპოზიცია რუსეთის ნაციონალ-კომუნისტ პოლიტიკოს გავრილოვთან თანამშრომლობს, ეს პირველად არ ხდება
პირველად არ ხდება, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიებს ეხმარება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტების მცდელობისას, რადიკალური ოპოზიცია რუსეთის ნაციონალ-კომუნისტ პოლიტიკოს გავრილოვთან თანამშრომლობს წინასწარი შუამავლობით შემდგარი სატელეფონო კომენტარის საშუალებით. პირველად არ ხდება, რომ რუსეთის დუმის დეპუტატი სააკაშვილის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტ პარტიებს ეხმარება“, – წერს გიორგი ხელაშვილი „ტვიტერში“.
რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის განცხადებას ბრიფინგზე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. მისი თქმით, ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი, მეორე მხარეს კი, შეუპოვარი ქართველი ხალხის პროტესტი. მელიას განმარტებით, „სერგეი გავრილოვის განცხადება თავიდან ბოლომდე მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს“. „ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად, დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის მონაწილეთა წინააღმდეგ დასასჯელად“, – განაცხადა ნიკა მელიამ.