გიორგი ხატიძე - საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში აშშ-ის მხარდაჭერა აძლიერებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას
გიორგი ხატიძე - საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში აშშ-ის მხარდაჭერა აძლიერებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის გიორგი ხატიძის განცხადებით, აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მისი მხარდაჭერა კიდევ მეტად აძლიერებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. გიორგი ხატიძის თქმით, ირაკლი კობახიძემ აშშ-ში ვიზიტის დროს საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.

„ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტში სიტყვით გამოვიდა და მან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და საკონსტიტუციო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით ძლიერდება პარლამენტის როლი და მისი საზედამხედველო ფუნქცია, მეტი გარანტიები იქმნება თვითმმართველობებისთვის და იცვლება საარჩევნო სისტემა. ეს სწორედ ის საკითხებია, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს და საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში მისი მხარდაჭერა კიდევ მეტად აძლიერებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“, – აღნიშნა გიორგი ხატიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს დასრულდა. ბოლო შეხვედრა ირაკლი კობახიძემ კარნეგი ჰოლში ამერიკელ ექსპერტებთან გამართა.