გიორგი ხატიძე - ინკლუზიური ზრდის კონცეფციის ერთ-ერთი მდგენელი ადამიანური კაპიტალის განვითარებაა
გიორგი ხატიძე - ინკლუზიური ზრდის კონცეფციის ერთ-ერთი მდგენელი ადამიანური კაპიტალის განვითარებაა

​ინკლუზიური ზრდის კონცეფციის ერთ-ერთი მდგენელი ადამიანური კაპიტალის განვითარება და ამისთვის განათლების შემდგომი რეფორმირებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა გიორგი ხატიძემ განაცხადა პარლამენტის სხდომაზე, რომელზეც მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.

გიორგი ხატიძემ განათლების მიმართულებით წარდგენილ პროგრამაზე ისაუბრა.

„საინტერესო და შინაარსიანია თქვენ მიერ წარმოდგენილი პროგრამა, განსაკუთრებით აღსანიშნავია განათლების მიმართულება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სხვა საკითხების რეალიზების კუთხითაც. ბატონმა გიორგი ქობულიამ წარმოადგინა ინკლუზიური ზრდის თემატიკა, კონცეფცია და ბუნებრივია, მისი ერთ-ერთი მდგენელია სწორედ ადამიანური კაპიტალის განვითარება. ამისთვის განათლების შემდგომი რეფორმირება და განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი.

თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რა უნდა გაკეთდეს რომ განათლების კავშირი შრომის ბაზართან გახდეს უფრო ხელშესახები. ასევე, დინამიკას თუ შევხედავთ, გასული წლებში დამამთავრებელი გამოცდებზე ძალიან უჭირთ მოსწავლეებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა – ეს ნიშნავს იმას, რომ 12 კლასის დასრულების შემდგომ მოსწავლეებს უჭირთ ატესტატის მიღება. როგორ მიგაჩნიათ, ამ ნაწილში სად არის გამოწვევა, ეს უკავშირდება პროგრამებს, პედაგოგების კვალიფიკაციის ნაკლებობას თუ რა ძირითადი გამოწვევებია, ასევე, როგორ უნდა მოხდეს მათი აღმოფხვრა“, – მიმართა პრემიერს გიორგი ხატიძემ.