გიორგი კეპულაძე - ბანკებს ვერ დავავალებთ, სტუდენტური სესხის რისკები საკუთარ თავზე აიღონ
სტუდენტური სესხი ძალიან მაღალი რისკის მატარებელია და ბანკებს დღეს ვერ დავავალებთ, ეს რისკი საკუთარ თავზე აიღონ, – განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სტუდენტურ სესხებთან დაკავშირებით რა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ ბანკებს, რათა მათთვის მისაღები აღმოჩნდეს, გიორგი კეპულაძემ აღნიშნა, რომ ასეთი შეიძლება იყოს ნებისმიერი შეთავაზება, რაც ლოგიკასთან და ბანკების კომერციულ ინტერესთან ახლოს იქნება.
„კომერციული ბანკები ყოველთვის შექმნიან ისეთ პროდუქტს, რომელზეც მოთხოვნა იქნება. თუ სტუდენტურ სესხს მაღალი რისკი ექნება, რა თქმა უნდა, საპროცენტო განაკვეთიც მაღალი იქნება და ასეთ სესხზე შესაძლოა, მოთხოვნა არ იყოს. ზოგადად, სახელმწიფოს მხრიდან პროცესში ხელოვნური ჩარევის მომხრე არ ვარ“, – განაცხადა კეპულაძემ.
მისი თქმით, სახელმწიფოს მიერ სტუდენტების მასობრივად დაფინანსება საბანკო სექტორისთვისაც რისკის შემცველია და შესაძლოა, ეს სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი დაუჯდეს.
„მე მომხრე ვარ, სახელმწიფომ განათლების დაფინანსება გაზარდოს, მაგრამ ამისთვის მაინცდამაინც ბანკების თუ გადახდისუუნარო სტუდენტების სუბსიდირება სწორად არ მიმაჩნია. შესაძლებელია, სტუდენტების დაფინანსების სისტემა ზოგადად შეიცვალოს. უნდა მოხდეს იმ სტუდენტების შერჩევა, რომელთა დაფინანსება არა მისაღები გამოცდების, არამედ სხვა ფაქტორების შედეგად მოხდება და ა.შ“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარემ აღნიშნა, დღემდე განათლების საკითხი ამომრჩევლის დაკვეთა არ არის და თუ ეს დაკვეთად იქცევა, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე ყველა პოლიტიკოსი იზრუნებს.