გიორგი კალანდარიშვილი - საარჩევნო კომისიების წევრების ნდობის საკითხზე ვარაუდებით საუბრისას, მათ საქმიანობაში წინასწარ კითხვის ნიშნების გაჩენა პროცესის დამაზიანებელ ნიშნებს შეიცავს
გიორგი კალანდარიშვილი - საარჩევნო კომისიების წევრების ნდობის საკითხზე ვარაუდებით საუბრისას, მათ საქმიანობაში წინასწარ კითხვის ნიშნების გაჩენა პროცესის დამაზიანებელ ნიშნებს შეიცავს

საარჩევნო კომისიების წევრების ნდობის საკითხზე ვარაუდებით საუბრისას, მათ საქმიანობაში წინასწარ კითხვის ნიშნების გაჩენა პროცესის დამაზიანებელ ნიშნებს შეიცავს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა „მოამბის“ ეთერში განაცხადა.

კალანდარიშვილმა უპასუხა „მოამბის“ შეკითხვას მისი უწყების კრიტიკასთან დაკავშირებით. ცოტა ხნის დასრულდა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება, თუმცა ამ პროცესმა გარკვეული კრიტიკა დაიმსახურა რამდენიმე ორგანიზაციის მხრიდან, მაგალითად „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც კონკრეტულ ხარვეზებზეა საუბარი. ორგანიზაციის შეფასებით, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შერჩეული საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები სახელისუფლებო პარტიასთან არიან აფილირებული; ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის პოზიციაზე შერჩეულ ერთ-ერთ პირს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დისციპლინური პასუხისმგებლობა ჰქონდა დაკისრებული, საოლქო კომისიის ერთ-ერთ წევრს წინასწარ ჰქონდა მომზადებული კანდიდატთა სია, ვისთვისაც მხარი უნდა დაეჭირა და ა.შ. „მოამბე დაინტერესდა“, ცესკო-ს თავმჯდომარის გადმოსახედიდან, რამდენად სამართლიანად და კანონიერად მოხდა კომისიების დაკომპლექტება.

„აუცილებლად მინდა, გამოვეხმაურო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და შეფასებებს ამ პროცესთან მიმართებაში. პირველ რიგში, აუცილებლად მინდა, აღვნიშნო, რომ ყველა ჩართული მხარე პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს იმ ინფორმაციას, რომელსაც აწვდის საზოგადოებას; სულ მცირე, ეს ინფორმაცია უნდა იყოს გადამოწმებული და ეყრდნობოდეს კონკრეტულ ფაქტებს. გავეცანით „სამართლიანი არჩევნების“ დასკვნას და პირველ რიგში, მისასალმებელია ის, რომ დასკვნის პოზიტიური ნაწილი იწყება იმით, რომ ზოგადად, ეს პროცესი წარიმართა მართლაც ძალიან მშვიდ და ხელმისაწვდომ გარემოში. ადმინისტრირების თვალსაზრისით, იყო ძალიან ნორმალური და წარმატებული პროცესი. თუმცა ჩვენთვის და ალბათ საზოგადოებაში ბადებს გარკვეულ კითხვის ნიშნებს ის საკითხები, ის გარემოებები, რომლებიც მაგალითად მოცემული არის ამ ანგარიშში; კერძოდ, საუბარი არის იმაზე, რომ 39 000 არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრიდან 88%, დაახლოებით 25 000 წევრი არჩეული არის მაღალი კვორუმით; ზუსტად იმ მაღალი კვორუმით, რომელიც ბოლოს განხორციელებული საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განისაზღვრა. შესაბამისად, 88 პროცენტის მაღალი კვორუმით არჩევა ნიშნავს იმას, რომ ამ ადამიანებს კომისიის ძალიან დიდმა ნაწილმა გამოუცხადა ნდობა, მხარდაჭერა; ამავე განცხადებებში საუბარი იმაზე, რომ ერთი მხრივ, 88% იქნა არჩეული მაღალი კვორუმით, მაგრამ დასკვნით ნაწილში გაკეთებული შეფასება, რომ მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები გარკვეული რეპუტაციით და ნდობით ვერ ისარგებლებენ პოლიტიკური პარტიების წრეში და ამ სივრცეში, ცოტა არ იყოს, გაუგებარია“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ. 

მან ასევე კომენტარი გააკეთა „სამართლიანი არჩევნების“ ამავე განცხადებაში აღნიშნულ საკითხზე, რომ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში არ იღებდნენ მონაწილეობას ამ კენჭისყრებში, მაღალი კვორუმის მიუხედავად.

„იცით, როგორ არის, მაღალი კვორუმი თავის მხრივ იმას ნიშნავს რომ მაღალი წარმომადგენლობით, მაღალი მრავალპარტიული წარმომადგენლობით იქნა მხარდაჭერა განხორციელებული; მაღალი კვორუმი ნიშნავს 12 ხმას და მეტს; შესაბამისად, ჩვენ თუ ვნახავთ სტატისტიკას, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული და ხელმისაწვდომი, ვნახავთ, რომ ამ 88%-დან, 29 000 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრიდან ზუსტადაც რომ არჩეული არის 12-13-14-15; ასევე, თქვენდა გასაკვირად, არიან 16 და 17 ხმით არჩეულები; რა თქმა უნდა, ძალიან ცოტა არის ასეთი შემთხვევა, მაგრამ არის ასეთი შემთხვევებიც; ეს ნიშნავს, როდესაც კომისია დაკომპლექტებული არის რვა პროფესიული ნიშნით არჩეული წევრისაგან ბუნებრივი არის დანარჩენი ყველა ეს რაოდენობა მოდის პოლიტიკურ გაერთიანებებზე. დღესაც ზუსტად ამ ახალი საარჩევნო ცვლილებების თანახმად მნიშვნელოვანია, რომ პროცესი არის ძალიან ინკლუზიური; მასში მონაწილეობს რვა პროფესიული ნიშნით არჩეული კომისიის წევრი და ცხრა პოლიტიკური გაერთიანებების მიერ დანიშნული წევრი. მათ შორის არის ერთი მმართველი პარტიის, ხოლო რვა ოპოზიციური პარტიიდან. შესაბამისად, თუ პირმა მიიღო 12 ხმა, ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მცირე ოთხი პოლიტიკური გაერთიანების წარმომადგენელს, კომისიის წევრს აქვს მიღებული მონაწილეობა მის არჩევაში და რა თქმა უნდა მეტის შემთხვევაში, 13-14-15-ის შემთხვევაში ეს რაოდენობა გაზრდილია. ეს იმას ნიშნავს, რომ პროფესიულ თუ სხვა პირთა მონაწილეობით საკმაოდ მრავალპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა ამ წევრებს.

აქედან გამომდინარე, ნდობის საკითხზე საუბარი, განსაკუთრებით ვარაუდებით საუბარი და ამ ადამიანების საქმიანობაში წინასწარ კითხვის ნიშნების დარჩენა საზოგადოებაში ბუნებრივია შეიცავს პროცესის დამაზიანებელ ნიშნებს; აქედან გამომდინარე; გაუგებარი არის, რა დასკვნებზე დაყრდნობით გაკეთდა მსგავსი ტიპის შეფასებები. ასევე საუბარი არის იმაზე, რომ სამართლიანად განხორციელდა მთლიანად ეს პროცესი, თუმცა მიუხედავად ამისა, განცხადებაში და შეფასებებში მოყვანილი არის არაერთი გარემოება. ვგულისხმობ, არაერთი საკანონმდებლო და სამართლებრივი საკითხი არგუმენტად, თუმცა ამ არგუმენტებშიც თქვენ თვითონვე აღნიშნეთ, რომ ამ ადამიანებს წინასწარ ჰქონდათ თითქოს მომზადებული სიები და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს იყო ის სიები, რომლებიც კომისიაში, როდესაც შედის განაცხადები, როდესაც კომისიის წევრებს უწევთ მუშაობა კონკრეტული პირების ბიოგრაფიასთან, საარჩევნო გამოცდილებასთან დაკავშირებით და როდესაც საუბარი არის ასობით კანდიდატზე და მათ არჩევაზე, ბუნებრივია, ამ ადამიანებს უწევთ წინასწარ გარკვეული თავიანთი სიების, ცხრილების დამუშავება, მინიშნება და ეს ასე ხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის დონეზე, ასე ხდება საოლქო საარჩევნო კომისიის დონეზე. ეს არის დამკვიდრებული პრაქტიკა, თან განსაკუთრებით ამდენი, ასობით კონკურსანტის პირობებში და ბუნებრივია, აქ გასაკვირი და კითხვის ნიშნის გამომწვევი არაფერი არ არის“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კალანდარიშვილის თქმით, ასევე განცხადებაში საუბარი იყო იმის თაობაზე, რომ გასული იყვნენ არჩევნებისას დისციპლინური გადაცდომის მქონე კომისიის წევრები.

„მინდა, აღვნიშნო, როდესაც ეს პროცესი, კომისიის წევრების დაკომპლექტების პროცესი დაიწყო, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მიუხედავად კანონმდებლობით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა და მოთხოვნებისა, დამატებით გასცა რეკომენდაციები საოლქო საარჩევნო კომისიებისთვის, რათა მათ პროცესის კიდევ უფრო გამჭვრივალობისთვის, კიდევ უფრო მეტი სრულყოფისთვის ეხელმძღვანელათ ამ რეკომენდაციებით, რაც ბუნებრივი არის, კიდევ უფრო ჯანსაღ საარჩევნო გარემოს შეუწყობდა ხელს. ჩვენი ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო, რომ მაგალითად, თუ გასული არჩევნებისას პირს ჰქონდა ორი ან მეტი დისციპლინური სახდელი მიღებული, ასეთი პირების გათვალისწინება არ მომხდარიყო; ეს არ იყო სავალდებულო ხასიათის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ყოფილა საკანონმდებლო მოთხოვნა, იყო რამდენიმე იზოლირებული შემთხვევა, ოთხი თუ ხუთი შემთხვევა, როდესაც ორი დისციპლინური სახდელის მქონე პირის არჩევა მოხდა. ასევე იყო ისეთი შემთხვევა, რომელიც ასევე ჩვენს რეკომენდაციაში არ ხვდებოდა და ჰქონდათ ერთი დისციპლინური გადაცდომა. შესაბამისად, აპელირება იმაზე, რაც საკანონმდებლო მოთხოვნას არ წარმოადგენს და თითქოს ამით რაღაც დაშავდა, ეს ბუნებრივი არის ასევე და ის სამართლებრივ გარემოებას არ წარმოადგენს, არის მხოლოდ შეფასებითი“, – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ.