საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაცია სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდა.

ცესკო-ს ინფორმაციით, დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, წევრები გიორგი ძაგანია და არჩილ ანასაშვილი, ასევე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი გიორგი ეზუგბაია, ერევანში უშუალოდ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით იმყოფებოდა.

„ვიზიტის ფარგლებში დელეგაციების წევრები საარჩევნო უბნების გახსნას, პროცესის მიმდინარეობას და უბნების დახურვის ეტაპს დააკვირდნენ. ასევე შეხვდნენ სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და წევრებს, სადაც ყველა იმ საქმიანობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად განახორციელა. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, არჩევნებისთვის მზადების პროცესში ძალიან დიდი სამუშაოები განხორციელდა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის დელეგაციას შესაძლებლობა ჰქონდა, შეხვედრები გაემართა სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებთან და მათთან სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე ემსჯელა. ასევე გაიმართა შეხვედრები საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან“, – ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 7 ივნისს გაიმართა.