გიორგი კახიანი - პარლამენტისთვის მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენის პროცესში პრეზიდენტის ჩართულობა ფორმალური ხასიათისაა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი განმარტავს, რომ საკანონმდებლო ორგანოსთვის მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენის პროცესში პრეზიდენტის ჩართულობა ფორმალური ხასიათისაა.
როგორც ჟურნალისტებს კახიანმა განუცხადა, მთავრობის რეორგანიზაციის გამო, პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინება, რომლის განხილვა დაჩქარებული წესით სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაიწყება.
“მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება, შესაძლებელი იქნება, ახალი მინისტრების დანიშვნა მოხდეს. მინისტრების დანიშვნა შესაძლებელი ახლაც არის. რაც შეეხება ნდობის გამოცხადებას, პრეზიდენტს შვიდდღიანი ვადა აქვს, ახალი შემადგენლობა პარლამენტს წარუდგინოს. ამ პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობა ფორმალური ხასიათისაა და პრეზიდენტი საკადრო ცვლილებების თაობაზე გადაწყვეტილებას არ იღებს”, – განაცხადა კახიანმა.