გიორგი კახიანი - ლევან ჯიბღაშვილის გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა ახსნას
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ლევან ჯიბღაშვილი გირაოთი სასამართლომ გამოუშვა და სწორედ სასამართლომ უნდა ახსნას, ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღო.
ჟურნალისტებთან საუბარში გიორგი კახიანი შერჩევით სამართალზე ოპონენტების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სასამართლომ პირის პატიმრობაში დატოვება მიზანშეწონილად არ ჩათვალა და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს.
„პირიქით, თუ კანონმდებლობა იმის საშუალებას იძლევა, რომ პატიმრობა ავირიდოთ, ეს სწორი დამოკიდებულებაა. ინფორმაცია არ მაქვს, როგორი სტატისტიკა არსებობს ანალოგიურ შემთხვევებზე. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა ანალოგიურ დროს გირაო გამოიყენეს. თუ რაიმე ისეთი შემთხვევებია, რამაც შეიძლება კითხვები გააჩინოს, ამ კონკრეტულ შემთხვევებს პასუხები უნდა გაეცეს“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მსახიობსა და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილს სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიებად 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ჯიბღაშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.
წინასასამართლო სხდომა ლევან ჯიბღაშვილის საქმეზე 4 ივნისს ჩაინიშნა.