გიორგი გუგავა - ხელახალი არჩევნები თუ არ დაინიშნება და ვინმე შეეცდება, ლეგიტიმაცია შესძინოს უკანონო პარლამენტს, ისინი დანაშაულის თანამონაწილე იქნებიან
ოპოზიციის მიზანს ამ მოლაპარაკებებში წარმოადგენს ის, რომ ხალხის ნებამ გაიმარჯვოს, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, თავისუფალ სამართლიან გარემოში, რომლის მეშვეობითაც ჩამოყალიბდ\ება ახალი ლეგიტიმური პარლამენტი, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, გიორგი გუგავამ განაცხადა.
როგორც გიორგი გუგავამ განაცხადა, კრიზისი, რაც შექმნა ხელისუფლებამ გაყალბებული არჩევნებით, შესაძლებელია, გადაწყდეს ხელახალი არჩევნებით.
„არის საკვანძო საკითხები, საიდანაც უკან დახევა არ იქნება, რადგანაც ეს პრინციპის საკითხია, რადგანაც ეს არის მთავარი, დანარჩენი თანმდევი საკითხებია, დანარჩენზე ჯერ არ მომხდარა შეთანხმება. თუ ეს არ გადაწყდა, სხვა მნიშვნელოვან, მაგრამ არამთავარ საკითხებზე ვერ მოხდება შეთანხმება.11 დეკემბერს, შედგება დიდი შეხვედრა, სადაც ხელი მოეწერება დეკლარაციას, რომ ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური. დაიწერება განცხადებები ასევე ოპოზიციის მხრიდან, უფლებამოსილების შეწყვეტაზე პარლამენტის წევრის და საარჩევნო სიები გაუქმდება. მოლაპარაკებებს ყოველთვის აქვს აზრი, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ უმწვავეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, პანდემიურ, სოციალურ კრიზისს. კოლაფსშია ქვეყანა, გადაჩეხვის პირასაა თუ უკვე გადაჩეხილი არ არის. ამ ვითარებიდან გამოსვლა თუ გვინდა, ამისათვის აუცილებელია რიგგარეშე არჩევნები. სხვაგვარად ასეთი კრიზისები ვერ გვარდება“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.
ამასთან, როგორც გუგავამ აღნიშნა, არანაირი განხეთქილება ოპოზიციაში არ არსებობს.
„თუ ვინმე გადაწყვეტს, თავს ლაფს დასხამს, საკუთარ განცხადებებზე, საკუთარ პრინციპებზე და საკუთარ ამომრჩეველზე იტყვის უარს და გადაწყვეტს ღირსების შემლახველი პოლიტიკური სარეცელი გაიზიაროს ივანიშვილთან ერთად და მას ჩაუხტეს კალთაში, ეს მათი პირადი გადაწყვეტილება იქნება. საუბარი არის იმაზე, თუ მთავარ საკითხზე არ მოხდა შეთანხმება და ხელისუფლება არ წამოვიდა, რომ დანიშნოს ხელახალი არჩევნები და ამის მიუხედავად ვინმე შეეცდება გააპრავოს, ლეგიტიმაცია შესძინოს უკანონო პარლამენტს, ისინი გათანაბრებული იქნებიან ხელისუფლებასთან და „ოცნებასთან“. ისინი იქნებიან თანამონაწილეები იმ დანაშაულისა, რომელიც შედგა, რომელსაც დაარქვეს არჩევნები და რომლითაც ხალხს მოპარეს მთავარი უფლება, თავისუფალი არჩევანის უფლება“, – განაცხადა გიორგი გუგავამ.