გიორგი გუგავა აცხადებს, რომ პარლამენტში შალვა ნათელაშვილის შესვლის საკითხზე ფეისბუქზე გამოკითხვას ჩაატარებენ
„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლის საკითხზე ფეისბუქზე გამოკითხვას ჩაატარებენ.
გუგავას თქმით, შალვა ნათელაშვილი თავს იკავებს, თუმცა პარტიაში სხვა მოსაზრებებია.
მისივე განცხადებით, საზოგადოებისთვის გადაწყვეტილება დაახლოებით ორ კვირაში იქნება ცნობილი.
„მას შემდეგ, რაც დაირღვა საერთო ოპოზიციური ბოიკოტი და სამწუხაროდ, შევიდნენ გაყალბებულ პარლამენტში, საკრებულოებში და დღემდე არ აპირებენ გარეთ გამოსვლას, პარტიაში დაიწყო მსჯელობა, ხომ არ გადაგვეხედა ჩვენს გადაწყვეტილებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ შევიდეთ პარლამენტში. ამასთან დაკავშირებით გაიმართება გამოკითხვები, ჩვენს ამომრჩეველს შორის, მათ შორის ფეისბუქგამოკითხვები.
ჩემი პირადი მოსაზრებაა, მას შემდეგ, რაც საერთო ოპოზიციურმა ბოიკოტირებამ დაკარგა შინაარსი, ვინაიდან ვერ გამოგვყავს გარეთ ოპოზიციის ე.წ წარმომადგენლები, მათი იქ ურჩევნიათ ყოფნა, პარტიამ ეფექტურად უნდა გამოიყენოს ეს ტრიბუნა იმისთვის, რომ მოხდეს რეჟიმის მხილება, რათა ოდნავ მაინც შევაჩეროთ ის დამღუპველი გადაწყვეტილებები, რასაც ლამის ყოველდღიურად იღებენ და ყელში ყულფს უჭერენ ჩვენს თანამოქალაქეებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით გამოკითხვა როგორიც იქნება, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს ჩვენი ამომრჩეველი, იმის მიხედვით გადავწყვეტთ.
შალვა ნათელაშვილი თავს იკავებს, უფრო იხრება არშესვლისკენ, მაგრამ პარტიაში სხვა მოსაზრებებია. ბოლო ერთი თვეა, ეს მსჯელობა დაწყებულია. ამ გამოკითხვებს დავიწყებთ და ვფიქრობთ, ორ კვირაში ეს პროცესი დასრულდება, გადაწყვეტილებას გავაცნობთ საზოგადოებას“, – განაცხადა გუგავამ.
შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გუშინ განაცხადა, „ჩვენ არ შევედით პარლამენტში და აგვკრძალეს, წაგვართვეს კომისიის წევრები, დაფინანსება, რეკლამა. ახლა რომ ვუყურებთ ამას, პარტიაში მიდის მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ და ის კომფორტი დავურღვიოთ, ავაწიოკოთ. მე რა თქმა უნდა, ამაზე თანახმა არ ვარ“.