გიორგი გოგოლაშვილი - დღეს სკოლაში არ არსებობს სახელმძღვანელო, რომელსაც „დედა ენა“ ჰქვია და რომლის ავტორი იაკობ გოგებაშვილია
დღეს სკოლაში არ არსებობს სახელმძღვანელო, რომელსაც „დედა ენა“ ჰქვია და არ არსებობს სახელმძღვანელო, რომლის ავტორი იაკობ გოგებაშვილია, – ამის შესახებ „იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების“ წევრმა, პროფესორმა გიორგი გოგოლაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„განათლების სამინისტროში არსებობს სახელმძღვანელოთა ნუსხები, რომელი საგანი რომელი სახელმძღვანელოთი ისწავლება. იქ, თქვენ ვერ ნახავთ ავტორს, იაკობ გოგებაშვილს და წიგნს, რომელსაც „დედა ენა“ ერქმევა. ასე რომ, სწორი არ არის საკითხის ასე დასმა, თითქოს, გოგებაშვილი სკოლიდან არ გასულა და არ უნდა ვთქვათ, რომ ის ბრუნდება“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.
მისი თქმით, რადგან იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, განათლების სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მიმართა, რათა ამ სააგენტოს შესაბამის კომისიას საკონკურსოდ შემოსული სახელმძღვანელოების შესახებ დასკვნა მიეცა.
„ამ კომისიის დასკვნაში, პირველ პუნქტში ასე წერია – რადგან ჩვენ არ ვიცით, წიგნს გარეკანზე რა აწერია და ავტორად ვინ წერია, ამიტომ, ვამბობთ, რომ იაკობ გოგებაშვილის „დედაენის“ საფუძველზე გაკეთებული წიგნის სახელწოდება უნდა იყოს „დედა ენა“ და ავტორად იაკობ გოგებაშვილი უნდა ეწეროსო. ეს კომისიის მოთხოვნა იყო. იქვე წერია, რომ შესაბამისობის დასკვნა იმ შემთხვევაში დაიდება, თუ კომისიის მიერ გამოთქმული შენიშვნები გათვალისწინებული იქნება და ეს დასკვნა დაიდო. ეს შენიშვნები კი, გათვალისწინებული არ არის“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.
როგორც გოგოლაშვილმა აღნიშნა, „დედა ენა“, იაკობ გოგებაშვილის ავტორობით, 1925 წლის შემდეგ აღარ გამოცემულა და ამის შემდეგ, მუდმივად მიდიოდა მისი გადაკეთება-გადამუშავება.
„მე თითქმის ყველა გამოცემა მაქვს ნანახი, რაც 1925 წლის შემდეგ გამოვიდა. 1925 წელს 44-ე გამოცემა გამოვიდა. ანუ, იაკობ გოგებაშვილის სახელით „დედა ენა“ 44-ჯერ გამოიცა. 33-ედ გამოვიდა 1912 წელს. ამის შემდეგ, იოსებ ბოცვაძის ძალიან დიდი მონდომებით, „წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ გააგრძელა „დედა ენის“ გამოცემა და გამოვიდა 44-ჯერ. ამის მერე შეწყდა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გადაკეთება და ერთხელ კი არ გადაკეთდა, არამედ ბევრჯერ. ათეულობით ვარიანტი არსებობს და მათ შორის, ძალიან ბევრი „ხალტურაა“, რადგან ყოველი ცვლილება თვითმიზნურია, გოგებაშვილის პრინციპების უარყოფით. ეს იმიტომ, რომ თუ არ შეცვალე, ავტორი არ ხარ. არადა, ავტორად უნდათ, იწერებოდნენ“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.
„იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების“ წევრმა ასევე განაცხადა, რომ ის, რაც ახლა ვარიანში მოხდა, როცა პრემიერ-მინისტრმა სკოლაში „დედა ენის“ დაბრუნების შესახებ გამოაცხადა, მოვლენათა გრძელი ჯაჭვის ბოლო რგოლია.
„2008 წლიდან ვიბრძოდით, რომ „დედა ენას“ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მინიჭებოდა და ამას 2013 წლამდე ვერ მივაღწიეთ. შემდეგ, მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და 2014 წელს განისაზღვრა ეროვნული კატეგორია. 2015 წელს დაისვა ანბანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ქცევის საკითხი, სადაც „დედა ენა“ შედის, როგორც ანბანის სწავლების სახელმძღვანელო. 2016 წელს იუნესკო-მ ანბანს კულტურული მემკვიდრეობის საკაცობრიო ძეგლის სტატუსი მიანიჭა და ამის შემდეგ დადგა საკითხი იმის შესახებ, რომ იუნესკო-ს კონვენციების მოთხოვნაა, სახელმწიფომ საკაცობრიო კულტურული მნიშვნელობის ძეგლის დაცვა და სიცოცხლისუნარიანობა უზრუნველყოს“, – განაცხადა გოგოლაშვილმა.
მისივე თქმით, მანამდე გაკეთდა ის, რომ 2017 წელს პარლამენტმა საკანონმდებლო უზრუნველყოფაზე დაიწყო მუშაობა და 2018 წელს მიიღო კანონი, რომელსაც პირობითად, „დედა ენის კანონი“ ეწოდება.
„ამ კანონმა განათლების სამინისტრო დაავალდებულა, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, „დედა ენა“, ანუ საანბანო სახელმძღვანელოს შედგენის გოგებაშვილისეული მეთოდი საგანგებო სახელმწიფო კომისიას გადაემუშავებინა და გრიფირებისთვის მოემზადებინა. ბრძანება, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გამოვიდა, სამინისტროს ასევე ავალდებულებდა, ეს სახელმძღვანელო სკოლაში შესულიყო. ფაქტობრივად, ახლა გაკეთდა ის, რომ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს არავინ ეხება და განათლების სამინისტრომ მიღებული კანონის მოთხოვნა აღასრულა“, – განაცხადა გიორგი გოგოლაშვილმა.