გიორგი გოგაძე - მეგის ქარდავა საექსტრადიციო პატიმრობაშია და ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას
გიორგი გოგაძე - მეგის ქარდავა საექსტრადიციო პატიმრობაშია და ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას

მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გოგაძის განცხადებით, საქართველო უკრაინისგან მეგის ქარდავასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინშია.

გიორგი გოგაძე ამბობს, რომ უკრაინული მხარე კანონით გათვალისწინებულ შესაბამის პროცედურებს ახორციელებს.

„მეგის ქარდავა საექსტრადიციო პატიმრობაშია და ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი გოგაძემ.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ინტერპოლით ძებნილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 2017 წლის ნოემბერში დააკავეს.

მეგის ქარდავა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ 2013 წლის 13 თებერვლიდან იძებნებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, ქარდავა უკრაინაში შეღწევას რუმინეთის ტერიტორიიდან ყალბი პასპორტის მეშვეობით ცდილობდა. ქარდავამ საქართველო 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა. 2013 წელს საქართველოს ხელისუფლების თხოვნით ინტერპოლმა ქარდავაზე ძებნა გამოაცხადა. სექსუალური ძალადობის, წამებისა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვის ბრალდებით თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პირველი განაჩენი ქარდავას მიმართ 2013 წელს გამოიტანა — პატიმრების დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის მუხლით მას სამი წელი და ცხრა თვე დაუსწრებლად მიესაჯა.
2014 წლის იანვარში თბილისის სააპელაციო სასამართლომ ქარდავა დამნაშავედ ცნო პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის მიმართ წამებასა და სექსუალური ხასიათის ძალადობრივი მოქმედებების ორგანიზებაში, ვიცე-პოლკოვნიკ დავით ლონდარიძის, გიორგი გორელაშვილისა და გიორგი ჩიკვატიას წამებასა და თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა ისევ დაუსწრებლად მიუსაჯა.