გიორგი გახარია - საგანგებო მდგომარეობა და შემდგომ ყველა ნაბიჯი იყო აუცილებლობა, რომლებმაც მოგვცა შესაძლებლობა, გვეთქვა, რომ ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელება აეყვანა კონტროლის ქვეშ
გიორგი გახარია - საგანგებო მდგომარეობა და შემდგომ ყველა ნაბიჯი იყო აუცილებლობა, რომლებმაც მოგვცა შესაძლებლობა, გვეთქვა, რომ ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელება აეყვანა კონტროლის ქვეშ

საგანგებო მდგომარეობა და შემდგომ ყველა ნაბიჯი იყო აუცილებლობა, რომლებმაც მოგვცა შესაძლებლობა, გვეთქვა, ქვეყანამ შეძლო ვირუსის გავრცელება აეყვანა კონტროლის ქვეშ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში Covid-19-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარდგენისას.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მოქმედებდა საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციების მიერ შექმნილ და დასაბუთებულ მოდელებზე დაყრდნობით.

„მინდა, ორიოდე სიტყვით გითხრათ ის გადაწყვეტილებები, რომლებიც წინ უძღოდა ჩვენს მიერ მიღებულ გამკაცრების კონკრეტულ ნაბიჯებს და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობას. დღეს საქართველოში არსებობს 297 სტაციონარი, სულ 17 514 საწოლზე. აქედან სპეციალიზირებული დანიშნულების ჰოსპიტალები რომ გამოვაკლოთ, რჩება დაახლოებით 10 000 საწოლი, აქედან ინტენსიური თერაპიის საწოლი დღეს ქვეყანაში არსებობს 2 290, მაგრამ რესპირატორული დაავადებებისათვის აღჭურვილი სპეციალური სასუნთქი აპარატებით გვაქვს 1 749 ერთეული საწოლი ადგილი, რომელიც იყო ტექნიკურად მზად, რათა Covid-ის პაციენტებისთვის ემკურნალა. მინდა, ყურადღება მივაქციოთ, რეანიმატოლოგები დღეს ქვეყანაში გვყავს 488, რომელსაც ერთდროულად შეუძლია მხოლოდ 1200 ინფექციური პაციენტის მომსახურება და ინფექციონისტი დღეს ქვეყანაში გვყავს 256 – დღეში შეუძლია 853 ინფექციური პაციენტის მართვა. საწოლების, სასუნთქი აპარატების და რაც მთავარია ექიმების რაოდენობის საშუალო რომ გამოვიყვანოთ, გვქონდა გარკვეული მოცულობა, რომელსაც ვხედავდით, რომ ქვეყანას შეუძლია სტაბილურად აი ამ მოცულობის Covid-ით დაავადებული პაციენტების მართვა.  ეს იყო პერიოდი, როდესაც უკვე გამოჩნდა ქვეყანაში ასე თუ ისე ნორმალურად დასაბუთებული პროგნოზები, რომლებიც იყო საერთაშორისო დონეზე, საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული და გაჩნდა სამი მოდელი, რომელზე დაყრდნობითაც მთავრობა მოქმედებდა. ეს იყო პენსილვანიის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც მიუთითებდა, რომ შიდა გავრცელებიდან 12-13 კვირის შემდეგ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა იქნებოდა 5 950. შემდგომი გახლავთ ბაზელის უნივერსიტეტის მოდელი, რომელიც ამბობდა, რომ პირველი შიდა გავრცელების შემთხვევიდან 13-14 კვირაში ჰოსპიტალიზირებულების რაოდენობა იქნებოდა 5 100 და ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მოდელი, რომელიც ამბობდა, რომ პირველი გავრცელებიდან 5-7 კვირის შემდგომ ქვეყანაში იქნებოდა დაახლოებით 3 000 შემთხვევა. ეს არ იყო დაავადებათა კონტროლის ცენტრის ან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული კვლევები, ეს იყო დამოუკიდებელი ორგანიზაციების მიერ გაკეთებული კვლევები, რომელიც ასევე ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის. ამ შემთხვევაში ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ჩვენ ვამბობთ ინფიცირებულების მკურნალობის რაოდენობას, აქ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ 20 პროცენტი ინფიცირებულების. საერთაშორისო ანალიზის საფუძველზე მკაფიოდ იყო ცნობილი და ეს იყო რეკომენდაციები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, რომ სტაციონარული მკურნალობა შეეძლოთ და ესაჭიროებოდათ მხოლოდ ინფიცირებულების 20 პროცენტს. მაგრამ ამან რა შედეგი გამოიღო იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, ზოგიერთ ჩვენ მეზობელ ქვეყანაში, ეს ყველამ კარგად ვიცით და ყველა კარგად ხედავს“ – აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, ყველა ქვეყანას აქვს თავისი სტრატეგია, ყველა ქვეყანა თავის სტრატეგიას ირჩევს იმ შესაძლებლობიდან, რომელიც აქვს.

„ძირითადი ინსტრუმენტი, რომლითაც მთავრობას სწრაფად უნდა მოეხდინა რეაგირება, იყო სოციალური დისტანცია და მობილობის მსხვილ ბლოკებად დაგდება. ეს იყო გადაწყვეტილებები, რომლის მიღებაც ჩვენ მოგვიწია. სწორედ ამის საფუძველზე, დასკვნების გაკეთების შემდგომ, 16 მარტს ჩატარდა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა, სადაც იყო მიღებული გადაწყვეტილება 19 მარტისთვის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების. მინდა, ერთი რამ გავითვალისწინოთ და ყველას გვესმოდეს, კრიტიკა მარტივია და შეიძლება ყველამ იფიქროს, რომ ყველა ქვეყანას აქვს თავისი სტრატეგია, ყველა ქვეყანა თავის სტრატეგიას ირჩევს იმ შესაძლებლობიდან, რომელიც მას აქვს. აქ არის ერთადერთი საერთო წესი – სწორი ბალანსის პოვნა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობას, ქვეყნის ფინანსურ შესაძლებლობას და ეკონომიკურ სიმძლავრეს შორის, რომ ავირჩიოთ ის ტაქტიკა როგორ შეიძლება იყოს საშუალო შეწონილი შემაჩერებელი ეკონომიკური შეზღუდვის ღონისძიებების სიმკაცრე და მეორეს მხრივ, ადამიანების სიცოცხლე და მათი ჯანმრთელობა. ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენი ძირითადი ინსტრუმენტი უნდა ყოფილიყო ის გადადგმული ნაბიჯები მობილობის დაგდების, რომელიც ჩვენ გაგვაჩნდა, ეს ნაბიჯები გადავდგით და ამით უნდა მიგვეცა ჯანდაცვის სისტემისთვის დრო, რათა მას შეძლებოდა უფრო მეტი პაციენტის ერთდროულად და სტაბილურად მკურნალობა“ – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ განმარტა, რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელმაც ვირუსის გავრცელების პლატო პროგნოზირებადი გახადა და ქვეყანაში ამ დროისთვის არ არსებობს ინფიცირების უცნობი წყარო.

„აქვე მინდა, გაგახსენოთ რაც ბევრს უკვე გვავიწყდება, რამდენი საუბარი იყო არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ვირუსის გავრცელების პიკზე, პლატოზე და ასე შემდგომ. საქართველო იყო ჩვენი ზომის ქვეყნებში და ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც შეძლო, რომ ეს პლატო იმდენად პროგნოზირებადი გაეხადა, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა გვაქვს ქვეყანაში არც ერთი გავრცელების ახალი ქეისი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.