შალვა კერესელიძე - 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმის მცდელობა იყო, გიორგი გახარიას და შსს-ს ეს რომ არ აღეკვეთათ, დღეს ეს ხელისუფლება აღარ იქნებოდა
შალვა კერესელიძე - 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმის მცდელობა იყო, გიორგი გახარიას და შსს-ს ეს რომ არ აღეკვეთათ, დღეს ეს ხელისუფლება აღარ იქნებოდა

20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმის მცდელობა იყო, ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ. 20 ივნისის სხვა რომელიმე აქციასთან შედარება არ შეიძლება, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ოპოზიციას ალბათ დიდი სიამოვნებით მისცემს ნებართვას, 20 ივნისთან დაკავშირებით გამოვიდნენ და გააპროტესტონ.

„ოპოზიცია ბევრ რაღაცას აპირებს, ხან იქ გამოვა, ხან აქ, მაგრამ რა? 20 ივნისთან დაკავშირებით ჩვენი გუნდის, მათ შორის გიორგი გახარიას პოზიცია არაერთხელ ითქვა. 20 ივნისის სხვა რომელიმე აქციასთან შედარება არ შეიძლება. 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუციაზე შტურმის მცდელობა იყო. ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის შენობის შტურმით აღებას ცდილობდნენ, რომლებიც გულმხურვალე ახალგაზრდებს ამოფარებულები იყვნენ. ისინი შემდეგ გაიპარნენ და ახალგაზრდები დარჩნენ. ეს არის სიმართლე. დღეს კიდევ გამოვლენ და აქციას ვაპირებთო. გამოვიდნენ, ვინ უშლით? ხელისუფლება ალბათ დიდი სიამოვნებით მისცემს ნებართვას, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით გამოვიდნენ და გააპროტესტონ. შტურმის მცდელობა რომ არ აღკვეთილიყო, დღეს „ოცნება“ ხელისუფლებაში ვერ იქნებოდა და ვერცერთი თანამდებობის პირი. 20 ივნისის დაწყების საფუძველი ყველამ კარგად იცის. ეს საქართველოში გავრილოვის ჩამოყვანამ გამოიწვია. გავრილოვი სწორედ „ოცნების“ ხელისუფლებამ ჩამოიყვანა და საქართველოს პარლამენტის სავარძელში კობახიძემ ჩასვა“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.

მისი თქმით, 2024-2025 წლებში შტურმის მცდელობა არ ყოფილა, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია იყო.

„2024-2025 წლის საპროტესტო აქციებს 20 ივნისს ვერცერთ შემთხვევაში შეადარებთ, სხვადასხვა თემაა. 20 ივნისს პირდაპირ იყო შტურმის მცდელობა. გიორგი გახარიას და შსს-ს ეს რომ არ აღეკვეთათ, დღეს ეს ხელისუფლება აღარ იქნებოდა. „ოცნების“ ხელისუფლებას გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე კი არ უნდა აღეძრა 20 ივნისზე, არამედ პირიქით, მადლობა უნდა ეთქვა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება შეინარჩუნა. ალბათ ის დრო მოვიდა, ოპოზიცია 20 ივნისთან დაკავშირებით აქციას რომ გამართავს, „ოცნებაც“ მშვიდობიანი ფორმით შეუერთდება, იმიტომ, რომ 20 ივნისთან დაკავშირებით ორივეს ერთი ინტერესი გააჩნია“, – განაცხადა შალვა კერესელიძემ.