გიორგი გაბოძე - როგორც პროკურორი, დარწმუნებული ვარ, მ.კ-ს ჩვენებას სააპელაციო სასამართლო გაიზიარებს
გიორგი გაბოძე - როგორც პროკურორი, დარწმუნებული ვარ, მ.კ-ს ჩვენებას სააპელაციო სასამართლო გაიზიარებს

როგორც პროკურორი, დარწმუნებული ვარ, რომ მ.კ-ს ჩვენებას სააპელაციო სასამართლო გაიზიარებს, – ეს განცხადება პროკურატურის წარმომადგენელმა, გიორგი გაბოძემ ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

საგამოძიებო კომისიის მდივნის ოთარ კახიძის აზრით, მ.კ-ს ჩვენება და მტკიცებულებათა ერთობლიობა, კონკრეტულად დანა, რომელზეც მოკლულის დნმ პროფილი არ აღმოჩნდა და მხოლოდ ხელსახოცზე ფიქსირდება, არა ბრალდების, არამედ დაცვის მხარის მტკიცებულებებია.

კახიძისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გიორგი გაბოძე არ იზიარებს.

„მტკიცებულებათა ერთობლიობა იყო ფარული ჩანაწერი, მ.კ-ს ჩვენება, რომელსაც თქვენ არ ეყრდნობით მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს ჩვენება სასამართლომ უნდა გაიზიაროს. მართალია პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მაგრამ ცრუობს, რომ ასეთი რამ განაჩენში არ წერია. კონკრეტული დასაბუთებაა, რის გამოც არ გაიზიარა და მე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ ვეთანხმები. როგორც პროკურორი დარწმუნებული ვარ, რომ ამ ჩვენებას სააპელაციო სასამართლო გაიზიარებს. მით უმეტეს იმ გარემოებებზე დაყრდნობით, რომ პირველი ინსტანციის განაჩენის შემდეგ ახალი გარემოება აღმოჩნდა, რომელიც პირველმა ინსტანციამ არ იცოდა“,- განაცხადა გაბოძემ

ამასთან, გიორგი გაბოძე ადასტურებს, რონ გ.ბ-ს დანაზე დავით სარალიძის სისხლი არ აღმოჩნდა.

„გ.ბ-ს დანაზე სარალიძის სისხლი არ აღმოჩნდა. ხელსახოცზე აღმოჩნდა. რაც გ.ბ-ს ბრალის დასადასტურებლად ჩემთვის ძალიან მყარი ერთ-ერთი მტკიცებულებაა. მიმაჩნია, რომ ალბათობის მიღმა სტანდარტით, იმ სტანდარტით, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი დაედგინა ჩვენს მიერ წარდგენილ ბრალდების ყველა პუნქტში, საკმარისი იყო. პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. იმედი მაქვს, რომ სააპელაციო სასამართლო ჩვენს არგუმენტებს გაიზიარებს”,- განმარტავს გაბოძე.

სხდომაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ დეპუტატებს მოუწოდა, მტკიცებულებებზე მტკიცებით ფორმაში ნუ ისაუბრებენ, რადგან საგამოძიებო კომისიის სხდომა პირდაპირ ეთერში გადაიცემა და დეპუტატების განცხადებები, შესაძლოა, სააპელაციო სასამართლოზე ზეწოლის მცდელობად იყოს აღქმული, რადგან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას შესაძლოა მუშაობა სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის განხილვის პარალელურად მოუწიოს.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს N12 სხდომას მართავს, რომელზეც პროკურატურის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, კომისიის წევრების შეკითხვებს თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიების საპროცესი ხელმძღავნელობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გაბოძე პასუხობენ.