გიორგი გაბოძე - არასრულწლოვან მოწმეებზე ზემოქმედების კუთხით არსებობდა ინფორმაცია და საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა 
გიორგი გაბოძე - არასრულწლოვან მოწმეებზე ზემოქმედების კუთხით არსებობდა ინფორმაცია და საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა 

დაიკითხა ყველა საეჭვო პირი, რომლებთან მიმართებაშიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის არასრულწლოვან მოწმეებზე ზემოქმედების კუთხით ინფორმაცია არსებობდა, – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, პროკურატურის წარმომადგენელმა, გიორგი გაბოძემ განაცხადა, რომელსაც კომისიაზე ჰკითხეს, იცნობდნენ თუ არა პროკურორები კითხვა კუპრავას ხელთ არსებულ ჩანაწერს.

გაბოძის თქმით, მოწმეთა ზემოქმედებაზე გამოძიება  შსს-მ დაიწყო, პროკურატურა კი, ზედამხედველი იყო.

„რაც მოვისმინე ამ ჩანაწერიდან ის იყო, რომ გამომძიებელმა არასრულწლოვნები დაიბარა და ვინმეს ბაბუისგან ზეწოლაზე გააფრთხილაო. მოწმეთა ზემოქმედებაზე გამოძიება დაიწყო შსს-მ, პროკურატურა იყო ზედამხედველი. იყო რეალური ინფორმაცია და ამაზე საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა. გამოძიება დაიწყო, რომ მოწმეებზე ახდენდნენ ზემოქმედებას, მათ შორის ფულით მოსყიდვას შეიძლება ჰქონოდა ადგილი და ა.შ. დაიკითხნენ საეჭვო პირები, ვისზეც ინფორმაცია არსებობდა“, – განაცხადა გაბოძემ.

როგორც მან აღნიშნა, დაიკითხნენ მოწმეები და მან დავალებაც გასცა, ყველა მოწმეს შეხვედროდნენ და მოსალოდნელ ზეწოლაზე გაეფრთხილებინათ.

„მე დავავალე უშუალო პროკურორს ან განყოფილების უფროს, ზუსტად არ მახსოვს, ან პროკურორები, ან გამომძიებლები შეხვედროდნენ ყველა მოწმეს, რომლებიც ბრალდებისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავდნენ ჩვენებაში და გაეფრთხილებინათ იმ საშიშროების შესახებ, რომ მათზე შესაძლებელია, რაიმე ფორმით ზეწოლა მომხდარიყო, თუნდაც ფულის შეთავაზება. შეიძლება ეს შეხვედრა იყო ზუსტად და სიტყვა  – ბაბუა საიდან გაჩნდა, არ ვიცი, მაგრამ ჩვენ კონკრეტულ პირზე გვქონდა ინფორმაცია, რომელიც დაკითხულია და მან არ დაადასტურა ეს. არც მოწმეებმა დაადასტურეს, ვისზეც იყო ეჭვი, მაგრამ რამდენადაც ვიცი, მოგვიანებით, უკვე განაჩენის შემდეგ, გარკვეულმა მოწმეებმა ზეწოლაზე გარკვეული ინფორმაცია დაადასტურეს და ერთი პირი პატიმარიც არის, მერაბ მორჩაძე“, – განაცხადა გიორგი გაბოძემ და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ჩანაწერი, რომელზეც საუბარია, სწორედ ამის გამოძახილი იყო.

მისი თქმით, გამომძიებლები მართლაც შეხვდნენ არასრულწლოვნებს, თუმცა ვის, გაბოძეს არ დაუკონკრეტებია.

„გამომძიებლები მართლა შეხვდნენ, კონკრეტულად რომელ არასრულწლოვნებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ჩემი დავალება იყო, პრევენციის მიზნით შეხვედროდნენ, გაეფრთხილებინათ, რომ თუ ვინმე მათ შეაწუხებდა, თუ ისინი ფულს აიღებდნენ ან ჩვენებას შეცვლიდნენ, ეს იყო დანაშაული და ამიტომაც პირდაპირ მოეწოდებინათ ჩვენთვის ინფორმაცია. შეიძლება ამის გამოძახილია ზუსტად ის ჩანაწერი, სადაც საუბარია ფულის შეთავაზებაზე. ზუსტი დეტალი არ მახსოვს“, – განაცხადა გიორგი გაბოძემ დროებით საგამოძიებო კომისიაზე.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე დღეს პროკურატურის წარმომადგენლები – გიორგი გაბოძე და მიხეილ შაყულაშვილი გამოკითხეს.