გიორგი ფხაკაძე - პირველად დიდი ქვეყნები დაიწყებენ ვაქცინაციას, ტესტირებას საკუთარ თავზე მოახდენენ და ჩვენამდე მოვა უკვე აპრობირებული, კარგი ვაქცინა
რა თქმა უნდა, პირველად დიდი ქვეყნები დაიწყებენ ვაქცინაციას, პირველი ვაქცინა ძალიან რთული იქნება და ვინაიდან ყველა ქვეყანაში საგანგებო თანხმობას მიიღებენ, ეს საქართველოსთვის კარგი შედეგია, – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„შესაძლოა, 2021 წლისათვის ხუთი-ექვსი ვაქცინა იყოს. რა თქმა უნდა, საქართველოში ხუთივე ვაქცინა არ ჩამოვა და პირველი ქვეყნები იქნებიან ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა – დიდი ბრიტანეთი, ბელგია, გერმანია, საფრანგეთი და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ისინი დაიწყებენ ვაქცინაციას. პირველი ვაქცინა ძალიან რთული იქნება და ვინაიდან ყველა ქვეყანაში საგანგებო თანხმობას მიიღებენ, ეს საქართველოსთვის კარგი შედეგია, რადგან ბოლო მონაცემების დამუშავებას მინიმუმ, მარტამდე პერიოდი სჭირდება, რომ კვლევები, რაც გაკეთებული აქვთ, ყველა კვლევის ანალიზი კარგად, დალაგებულად მოვიდეს წესრიგში“, – განაცხადა ფხაკაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საქართველო უკვე გამოცდილ ვაქცინას მიიღებს, გიორგი ფხაკაძემ განაცხადა, რომ ეს ასე იქნება.
„მდიდარი ქვეყნები ამის ტესტირებას თავის თავზე გააკეთებენ და ჩვენამდე მოვა ასე ვთქვათ, უკვე აპრობირებული, კარგი ვაქცინა. იმიტომ, რომ ჩვენ რიგში არ ვართ. რიგში კი ვართ, მაგრამ ალბათ ბოლოდან მესამე, რიგი კი ძალიან დიდია, რადგან 200 ქვეყანა ელოდება. ეს ერთი მხრივ, ცუდია, მაგრამ მეორე მხრივ, კარგია, რადგან ჩვენთან უფრო მოწესრიგებული ინფორმაცია მოვა და დარწმუნებული ვარ, რაც საქართველოში იქნება, ეფექტური იქნება“, – განაცხადა ფხაკაძემ.
მისი თქმით, საქართველოში ვაქცინა ამ სეზონზე არ იქნება.
„ეს ფაქტია და შეგვიძლია, დავწყნარდეთ. „კოვაქსში“ რაც ხდება, არ მგონია, რომ საქართველო ახლო მომავალში რამეს მიიღებს. რა ხდება, იცით?! აი, როგორც ქორწილია, სიძე არის და პატარძალი ვინ არის, არავინ იცის. აი, ასეთი სიტუაციაა. ჩვენ არ ვიცით, რომელი ვაქცინა იქნება. ვაქცინაში ისეთი რაღაც არის, რომ ნებისმიერ დროს, ბოლოში შეიძლება, რაღაც ინფორმაცია გამოვიდეს და ამ ვაქცინის შეჩერება მოგვიწიოს“, – განაცხადა ფხაკაძემ.
როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, 2021 წელი იქნება არა მარტო ვაქცინების, არამედ წამლების წელი.
„ჩვენ გვექნება რაღაც ახალი წამლები, სამედიცინო საშუალებები, რომლებიც დაგვეხმარება, როგორც რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების მართვაში, ასევე შესაძლებელია, იყოს რაღაც ტიპის წამლები, რომლებიც დაგვეხმარება, ეს ვირუსი უფრო მსუბუქად გადავიტანოთ“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.