მაროკოს ქალაქ მარაკეშში დაიწყო დევისის თასზე ევროპა-აფრიკის ზონის მეორე ჯგუფის პირველი წრის მატჩი, რომელშიც მაროკოს ნაკრები საქართველოს მასპინძლობს.
პირველ შეხვედრაში მაროკოელთა ლიდერი ლამინ უაჰაბი (ATP-ის 591-ე ჩოგანი) ჩვენი გუნდის მეორე ნომერს გიორგი ცივაძეს (1082) ხვდებოდა.
რეიტინგში თითქმის 500-საფეხურიანი განსხვავება მატჩის საბოლოო ანგარიშში აისახა – უაჰაბს საათი და 15 წუთი დასჭირდა ორ სეტში მოგებისთვის – 6:3, 6:3.
ცივაძემ თავიდანვე ზედიზედ ორჯერ წააგო საკუთარი მოწოდება და 0:3 ჩამორჩა.
ამის შემდეგ, მან ერთი საპასუხო ბრეიკი გააკეთა, მაგრამ ვეღარ შეძლო მეტოქის დაწევა, პირიქით, პირველი სეტის ბოლო გეიმში კიდევ ერთხელ დათმოსაკუთარი გეიმი.
მეორე სეტშიც ცივაძე მდევრის როლში აღმოჩნდა – 0:3-სა და 1:5-ს აგებდა და ისევ სცადა მატჩის ბედის შემოტრიალება: ერთი უკუბრეიკი გააკეთა, 3:5-ზე კი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ უაჰაბმა არ მისცა ქართველ ჩოგბურთელს ანგარიშის გათანაბრების შანსი.
ცოტა ხანში დაიწყება დღის მეორე შეხვედრა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილს (57-ს ჩოგანი) ამინ აჰუდას (698) შეხვდება.
დღე დასრულდება წყვილების მატჩით: იასინ იდმბარეკისა და ლამინ უაჰაბის დუეტი ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ალექსანდრე მეტრეველის წყვილს შეხვდება.