გიორგი ჩივიაშვილი - ვანო მერაბიშვილის საქმეზე ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოს გადაწყვეტილება პოლიტიკური შინაარსის არის
ვანო მერაბიშვილის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და ვადაზე ადრე გათავისუფლების საბჭოს გადაწყვეტილებაც არის პოლიტიკური შინაარსი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა, გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა.
„მერაბიშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებამ აცნობა, რომ ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ იმსჯელა და მას ეთქვა უარი გათავისუფლებაზე. არ ჩაბარებია. ჩვენ არ გვაქვს წვდომა იმ გადაწყვეტილებაზე, კონკრეტულად რითაც უარი ეთქვა, არგუმენტები, რაც არის მოყვანილი დოკუმენტში. ცოტა არ იყოს, უცნაურია, რადგან არანაირი ფაქტობრივი გარემოება არ შეცვლილა მას შემდგომ, რაც სასამართლომ გააუქმა ის გადაწყვეტილება. შესაბამისად, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ მის მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და ეს გადაწყვეტილებაც არის პოლიტიკური შინაარსი, ვინაიდან ყველა არგუმენტი და საფუძველი, რაც არსებობდა და რაც ჰქონდა ჩაწერილი თავის დროზე ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიას, სასამართლომ დაადგინა, რომ ვერ გამოდგებოდა უარის თქმის საფუძვლად. სწორედ ამიტომ მოხდა იმ ადმინისტრაციული აქტის გაუქმება“, – აღნიშნა გიორგი ჩივიაშვილმა.
მისივე თქმით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სხდომა 11 აპრილს ჩატარდა, ვანო მერაბიშვილს კი გადაწყვეტილება გუშინ ეცნობა, რაც კითხვებს აჩენს.
„ჩვენც ძალიან გვაინტერესებს, რა მოიგონეს ახალი იმ ფონზე, როდესაც ახალი არაფერი მომხდარა. მას ამ პერიოდში არ დაურღვევია შიდა განაწესი და ასე შემდეგ. ბუნებრივია, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს. ასევე, ისიც აჩენს კითხვებს, რომ თურმე 11-ში ჩატარდა ეს სხდომა. მას გუშინ შეატყობინეს, რომ უარი ეთქვა ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე და დღემდე არ გვაქვს დასაბუთება. თავის დროზე ადამიანს ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარში საფუძვლად ჩაუწერეს, რომ მას ერთ-ერთ დანაშაულზე ჰყავს 200 დაზარალებული. საუბარია საქმეზე, რომელზეც მისჯილი აქვს ოთხი წელი და ექვსი თვე. ეს მოხდილი აქვს მერაბიშვილს და მოხდილი სასჯელის კვალიფიკაცია იყო ვითომდა მისი არგათავისუფლების მიზეზი. სწორედ ასეთი უცნაური გარემოებების გამო იყო უარი ნათქვამი, რაც სასამართლომ მიიჩნია, რომ იყო აბსურდი და სწორედ ამიტომ უთხრა, რომ ამ საფუძვლებით უარის თქმა არ შეგიძლიათო“, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
მიმდინარე წლის თებერვალში სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს დაავალა ხელახლა განეხილა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, უწყების ადგილობრივმა საბჭომ ივანე მერაბიშვილის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი 11 აპრილს განიხილა და მსჯავრდებულს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 მაისში დააკავეს. ამჟამად სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარეობს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეების განხილვა, რაზეც უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება აქვს წარდგენილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მიმართ საერთო სასამართლოებს რამდენიმე გამამტყუნებელი განაჩენი აქვს გამოტანილი, მათ შორის, აკურას ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის საქმე – ორი წელი და სამი თვე; სანდრო გირგვლიანის საქმეზე მტკიცებულებების გადამალვა – სამი წელი; 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა – ოთხი წელი და ექვსი თვე; კვარიათის აგარაკისა და ამომრჩევლის მოსყიდვის საქმე – ხუთი წელი; ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორება – ექვსი წელი და ცხრა თვე.
სასჯელის შთანთქმის პრინციპით, ვანო მერაბიშვილს სასჯელის საბოლოო ზომად ექვსი წლითა და ცხრა თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ეს ვადა კი 2020 წლის თებერვლის ბოლოს იწურება.