გიორგი ჭირაქაძე - ეროვნული ბანკის რეგულაციებს ნეგატიური შედეგი ექნება
გიორგი ჭირაქაძე - ეროვნული ბანკის რეგულაციებს ნეგატიური შედეგი ექნება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე მიიჩნევს, რომ ახალ რეგულაციებს, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით შემოიღო, ნეგატიური შედეგი ექნება.

მისი თქმით, ასოციაციის წარმომადგენლები შეხვდნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს და აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.

„ჩემი აზრით, ეროვნული ბანკის რეგულაციებს ნეგატიური შედეგი ექნება. ჩვენ გვქონდა რამდენიმე დღის წინ შეხვედრა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან და ვესაუბრეთ  ჩვენს მოსაზრებებთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ასევე გვესმის რეგულატორის, რომელიც თავის მხრივ ცდილობს, იფიქროს პრობლემებზე, რომელიც შეიძლება შეიქმნას სექტორში და კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღოს“, – განაცხადა ჭირაქაძემ.  

მისი თქმით, ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობა გაგრძელდება. ამავდროულად ჭირაქაძე იმედოვნებს, რომ ბანკი გარკვეულ პოზიციებს შეცვლის.

„ეროვნულ ბანკს ჩვენი შენიშვნები გავაცანით. ვაპირებთ ეროვნულ ბანკთან მჭიდროდ მუშაობას, ვისაუბროთ საკითხებზე, რომელიც მიგვაჩნია, რომ არის არასწორი. ძალიან მნიშვნელოვანია, ბიზნესსა და ეროვნულ ბანკს შორის არსებობდეს მჭიდრო კომუნიკაცია. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ ამ საუბრის შემდგომ შევძლებთ შევაცვლევინოთ რაღაც პოზიციები მათ და ამავდროულად, ჩვენც მივიღოთ უკეთესი შედეგი“, – განაცხადა ჭირაქაძემ.

2018 წლის 7 მაისიდან კომერციულ ბანკებს მომხმარებელთა გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემა ეზღუდებათ.