გიორგი ჩერქეზიშვილი - საგადასახადო რეჟიმი, რომელსაც სახელმწიფო მცირე და საშუალო მეწარმეებს სთავაზობს, უპრეცედენტოა
გიორგი ჩერქეზიშვილი - საგადასახადო რეჟიმი, რომელსაც სახელმწიფო მცირე და საშუალო მეწარმეებს სთავაზობს, უპრეცედენტოა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ქუთაისში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. გიორგი ჩერქეზიშვილის შეხვედრა ადგილობრივ ბიზნესსექტორთან დაბეგვრის ახალი, შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შესახებ მთავრობასა და ბიზნესს შორის მიმდინარე ღია დიალოგის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაში ფინანსთა მინისტრმა ნიკოლოზ გაგუამ და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა მიიღეს მონაწილეობა.

„ეს არის უპრეცედენტო საგადასახადო რეჟიმი, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მათ უფრო მეტი ინიციატივა გამოიჩინონ ბიზნესის განვითარებისთვის“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი ჩერქეზიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება მთავრობის პრიორიტეტია.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის სახელმწიფო პროგრამებს, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან და გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი, მათ შორის მიმდინარე. დღეს შევხვდით ამ პროგრამების ბენეფიციარებს, რომლებთანაც ვიმსჯელეთ, თუ რა შეიძლება გაკეთდეს და როგორ განვითარდეს აღნიშნული პროგრამები“, – განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

მცირე მეწარმეებისთვის დაბეგვრის შეღავათიანი რეჟიმი პირველი ივლისიდან ძალაშია. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მისი ამოქმედების პირველივე ეტაპზე, მთავრობის წევრები მეწარმეებს პირადად ხვდებიან, რათა ყველა კითხვას პასუხი გაეცეს. ამასთან, მინისტრები მეწარმეებისგან იღებენ ინფორმაციას და ისმენენ მათ მოსაზრებებს რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. ქუთაისში მიმდინარე შეხვედრაში 200-მდე ბიზნესმენმა მიიღო მონაწილეობა.

უწყების ცნობით, საგადასახადო ცვლილება 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. ახალი საგადასახადო რეჟიმი, ერთი მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. საგადასახადო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი ენიჭებათ მეწარმე ფიზიკურ პირებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი კალენდარული წლის განმავლობაში 500 000 ლარამდე იქნება, ნაცვლად მანამდე არსებული 100 000 ლარისა. მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 1%-იანი განაკვეთით ნაცვლად 5%-ისა.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.