მამუკა ბახტაძე - სიღარიბის დაძლევა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე არ ხდება
მამუკა ბახტაძე - სიღარიბის დაძლევა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე არ ხდება

ჩვენ საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან ბევრი ფინანსური ინსტრუმენტი შევქმენით, მაგრამ წვდომა ფინანსებსა და კაპიტალზე დღემდე ჩვენი ეკონომიკისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და მტკივნეულ პრობლემად რჩება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, სიღარიბის დაძლევა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე არ ხდება.

„ჩვენ გვერგო მემკვიდრეობა, როდესაც საქართველოს ბიუჯეტის 50 პროცენტი დამოკიდებულია 300 კომპანიაზე, საიდანაც ყოველი მეორე ურთიერთდაკავშირებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის ბიუჯეტის 50 პროცენტი დამოკიდებულია 150 ბიზნესკომპანიაზე. ჩვენ გვერგო მემკვიდრეობა, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესის წილი იყო მინიმალური ქვეყნის ეკონომიკაში. მცირე და საშუალო ბიზნესს ჰქონდა უფრო მეტი გადასახადი, ვიდრე მსხვილ ბიზნესს. ნებისმიერი მეწარმე ამას დაგიდასტურებთ. რა თქმა უნდა, მსხვილი ბიზნესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია, მაგრამ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიღარიბის დაძლევაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის გარეშე ეს არ მომხდარა არც ერთ ქვეყანაში და არც საქართველოში მოხდება“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაური ასევე გამოეხმაურა ოპონენტების კრიტიკას სოფლის მეურნეობის სექტორის მისამართით  და აღნიშნა, რომ „ვისაც არ ეზარება, ყველა სოფლის მეურნეობის სფეროს ლანძღავს“ და სახელმწიფოს მხრიდან მიმართულ თანხებს წყალში გადაყრილად აფასებს.

„900-მილიონიანი სავაჭრო დეფიციტი დაგვიტოვეს სოფლის მეურნეობაში. დღეს ეს ჩამოვიდა 300 მილიონზე და რომ არა აზიური ფაროსანა, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ქართულ ეკონომიკას, ჩვენს გლეხებს, წელს ჩვენ შეიძლება ნულოვანი დეფიციტი გვქონოდა. ეს იქნებოდა უზარმაზარი წარმატება. წელს მილიარდი ლარის ღირებულების სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი განვახორციელეთ. საქართველოს ჰყავს ორი მტერი – სიღარიბე და ოკუპაცია. რა ტკივილი და ზიანიც რუსულმა ოკუპაციამ მოგვაყენა, ანალოგიურია სიღარიბე. ამიტომაც ვამბობ, რომ საქართველოს ჰყავს ორი მტერი. თქვენ საუბრობდით მთავრობის წარმატებაზე, ან წარუმატებლობაზე, რატომ გვაქვს იმედი 2020 წლისთვის. ღმერთმა არ ქნას, რომ საქართველოს მოსახლეობამ, არ აქვს მნიშვნელობა, რომელიმე ხელისუფლება ჩათვალოს წარმატებულად,  ვიდრე საქართველოში არსებობს ეს ორი გამოწვევა – სიღარიბე და ოკუპაცია. მე ვსაუბრობ იმაზე, თუ რა ხედვა აქვს და რა ნდობის ხარისხი აქვს მოქალაქეების მხრიდან ჩვენს გზას, რომ დავძლიოთ ერთი გამოწვევაც და მშვიდობიანი და მდგრადი განვითარებით უზრუნველვყოთ მეორე გამოწვევის დამარცხებაც“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.