ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს დეკემბრის ბოლოდან გიორგი ჩერქეზიშვილი უხელმძღვანელებს
ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს დეკემბრის ბოლოდან გიორგი ჩერქეზიშვილი უხელმძღვანელებს

ინვესტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე მარიამ მეღვინეთუხუცესს დეკემბრის ბოლოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი შეცვლის.

ცვლილებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ავრცელებს.

ევრობანკში ჩერქეზიშვილის დანიშვნას მიესალმებიან და იმ პრიორიტეტულ საკითხებს ასახელებენ, რაზეც 2019 წელს საბჭო მუშაობდა. მათ შორის არის კანონმდებლობა მიწის საკუთრების, კერძო კომპანიების, საინვესტიციო ფონდების შესახებ, ასევე გადახდისუუნარობის რეფორმა.

ინვესტორთა საბჭო  კერძო სექტორსა და საქართველოს მთავრობას შორის დიალოგის წარმართვის, ბიზნეს კლიმატის შემდგომი გაუმჯობესების, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისა და საქართველოში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის მიზნით შეიქმნა. საბჭო აერთიანებს მთავრობის, საჯარო სააგენტოების, ბიზნეს ასოციაციების, ბიზნეს ომბუდსმენისა და საერთაშორისო ინვესტორების წარმომადგენლებს.

საბჭოში დანიშვნამდე გიორგი ჩერქეზიშვილი მუშაობდა კომპანიის Invest Wings&Freeman Capital მთავარ საინვესტიციო ოფიცრად. 2017 წლის მარტიდან იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე, ასევე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე საპარტნიორო ფონდში, „საქართველოს ბანკში“ და საქართველოს კონტროლის პალატაში.