გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ე.წ. ვეტინგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსაც ეხება
გიორგი ბურჯანაძე აცხადებს, რომ ე.წ. ვეტინგი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებსაც ეხება

მოსამართლეთა კეთილსინდისიერების ექსტრაორდინალური შემოწმება, ე.წ. ვეტინგი გულისხმობს იმის დამოუკიდებელ გადამოწმებას, რამდენად აკმაყოფილებენ მოსამართლეები სამოსამართლო მოთხოვნებს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ბურჯანაძე წერს, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის დადგენილი წინაპირობა შეეხება 60-მდე პირის, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თანამდებობის თავსებადობის გადამოწმებას.

„ეუთო/ოდირი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა, აკვირდებოდა საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესს 2019-2021 წლებში. მათი შეფასებით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა გამწესების პროცესს აკლდა როგორც კეთილსინდისიერება, ისე ობიექტურობა და სანდოობა („…were assessed by ODIHR to lack integrity, objectivity and credibility“).

ეუთო/ოდირის შეფასებით, უზენაესი სასამართლოს მოსამარლეთა შერჩევა არ განხორციელებულა დამსახურებაზე დაფუძნებულ სისტემაზე დაყრდნობით. კანდიდატების შერჩევის პროცესში გადაწყვეტილებების მიღებას აკლდა არგუმენტაცია და არასაუკეთესო შეფასებების მქონე კანდიდატების შერჩევა ხდებოდა შესაბამისი ახსნის გარეშე.

მოსამართლეთა კეთილსინდისიერების ექსტრაორდინალური შემოწმება, ე.წ. ვეტინგი გულისხმობს იმის დამოუკიდებელ გადამოწმებას, თუ რამდენად აკმაყოფილებენ მოსამართლეები სამოსამართლო მოთხოვნებს.

ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწევრიანებისთვის დადგენილი წინაპირობა შეეხება 60-მდე პირის თანამდებობის თავსებადობის გადამოწმებას (მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების)“, – წერს გიორგი ბურჯანაძე.

გიორგი ბურჯანაძეს 2023 წლამდე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობა ეკავა, შემდეგ კი აშშ-ის საელჩოში გააგრძელა მუშაობა.