გიორგი ბოტკოველი - სასოფლო-სამეურნეო მიწების გასხვისების რეგულაცია საჭიროა, მაგრამ ეს მხოლოდ აკრძალვას არ უნდა ითვალისწინებდეს
საკონსტიტუციო ჩანაწერი თუ მომზადებული კანონპროექტი კარგია და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გასხვისების რეგულაცია საჭიროა, მაგრამ ეს მხოლოდ აკრძალვას არ უნდა ითვალისწინებდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ეს უნდა ითვალისწინებდეს რეგულაციებს იქიდან გამომდინარე, რომ აკრძალვა საშველი არ არის. უცხოელი ფიზიკური პირი იქნება თუ ინვესტორი, კანონის გვერდის ავლით, ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებს, მიწა სხვაზე გააფორმოს და არაპირდაპირი წესით ხელში მაინც ჩაიგდოს. ამიტომ, კანონი უნდა ითვალისწინებდეს რეგულაციას, რომელიც შრომის უფლების მოპოვებას გულისხმობს და უნდა ითვალისწინებდეს დასაბუთებულ ინვესტიციას, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს. რა თქმა უნდა, ისეთი უცხოელი ინვესტორი არ გვჭირდება, რომელიც ქართულ მიწას მხოლოდ იმიტომ შეიძენს, რომ ხვალ ორმაგ ფასში გადაყიდოს და ამ ყველაფერს კანონი უნდა არეგულირებდეს“, – განაცხადა ბოტკოველმა.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სექტორში მიწის დამუშავების ხელშეწყობა დღეს ნაკლებია და ხელისუფლებამ ხელი შეუწყოს, რათა მეტი მიწა დამუშავდეს.
„მნიშვნელოვანია, რას გააკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ გლეხმა მიწის გასხვისება არ გადაწყვიტოს. უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე დღეს ძალიან ბევრი მიწაა გასხვისებული, მაგრამ მათი უმეტესობა კერძო სექტორის მიერაა გასხვისებული, როცა ადამიანებს მიწის დამუშავება უჭირთ“, – განაცხადა ბოტკოველმა.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აღნიშნა, დედოფლისწყაროში არსებობს ცენტრი და კონკრეტული პროგრამით დაფინანსებული ტექნიკა სიღნაღი-დედოფლისწყაროს უნდა ემსახურებოდეს, მაგრამ აღნიშნული ცენტრი მხოლოდ ყოფილი გუბერნატორის, სიღნაღი-დედოფლისწყაროს დეპუტატის, ირაკლი შიოლაშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და კონკრეტული ჩინოვნიკების ოჯახებს ემსახურება და ტრაქტორმა გლეხის მიწა მხოლოდ მაშინ შეიძლება დაამუშაოს, როცა დრო დარჩება.