გიორგი ბოტკოველი გიორგი ვაშაძის განცხადებაზე - არ ვიცი, ვინ ვის აკრიტიკებს, ყველამ თავის პოლიტიკურ საქმიანობას და პოლიტიკურ ინიციატივებს მიხედოს
არ ვიცი, ვინ ვის აკრიტიკებს. ყველამ თავის პოლიტიკურ საქმიანობას და პოლიტიკურ ინიციატივებს მიხედოს, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა კითხვას, რომელიც სახალხო დამცველის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის განცხადებას ეხება.
კერძოდ, საუბარია განცხადებაზე, სადაც ვაშაძე ამბობს: „ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას იმ თაღლითურ სქემაში, რომელსაც ახლა „ქართული ოცნება“ აბლაბუდასავით ხლართავს. მეტიც, ოპოზიციონერ კოლეგებს მოვუწოდებთ, მგლის თავზე სახარების კითხვას შევეშვათ და მმართველი პარტიის ლუსტრაცია მოვახდინოთ“.
ბოტკოველის თქმით, დღეს ყველაზე მთავარია ოპოზიციის კონსოლიდაცია და ერთად ბრძოლა.
„ვაშაძის განცხადებას რაც შეეხება, არ ვიცი, ვინ ვის აკრიტიკებს, ყველამ თავის პოლიტიკურ საქმიანობას და პოლიტიკურ ინიციატივებს მიხედოს. ოპოზიციის ოპოზიციონერობა არავის სჭირდება. დღეს ყველაზე მთავარია ოპოზიციის კონსოლიდაცია და ერთად ბრძოლა ბევრ საკითხზე. თუ ბევრ საკითხზე აქტიურები ვიქნებით ერთობლივად და არა ცალ-ცალკე, მით უკეთესი იქნება საერთო საქმისთვის“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ამასთან, გიორგი ბოტკოველის განცხადებით, შალვა პაპუაშვილთან შეხვედრაში მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, რათა მიეღო ინფორმაცია, სახალხო დამცველის არჩევის თაობაზე „ქართული ოცნება“ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებას ხომ არ აპირებს.
„შალვა პაპუაშვილთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, რათა ინფორმაცია მიეღო, აპირებს თუ არა „ქართული ოცნება“, ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღოს სახალხო დამცველის არჩევის თაობაზე“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.