გიორგი ბოტკოველი - დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტებში ბანკები უფრო მეტ მიწას ფლობენ, ვიდრე ყველა გლეხი ერთად
დარწმუნებული ვარ, მუნიციპალიტეტებში ბანკები უფრო მეტ მიწას ფლობენ, ვიდრე ყველა გლეხი ერთად, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„ფაქტობრივად, მოსახლეობა დაღუპულია. სოფლის მეურნეობის პროდუქტის მოსაყვანად გლეხებმა სესხები გამოიტანეს და ჩადებული მიწები მათ აღარ ეკუთვნით. ეს მიწები უკვე ბანკებს ეკუთვნის“, – განაცხადა ბოტკოველმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლება გლეხებსა და ფერმერებს მხარდაჭერას არ უცხადებს და ისეთ მოცემულობას ხატავს, თითქოს, სოფლის მეურნეობა ააშენა.
მისი თქმით, სახელმწიფო მელიორაციის კომპანიის ოფიციალურ გვერდზე გასარწყავიანების სისტემები დასრულებულ პროექტებადაა აღნიშნული, მაგრამ ხირსაში და გურჯაანის მუნიციპალიტეტში დამონტაჟებული მილებიდან ერთი წვეთი წყალი არ წამოსულა.