გიორგი ბადრიძე - საქართველომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარი უნდა დაუჭიროს
გიორგი ბადრიძე - საქართველომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარი უნდა დაუჭიროს

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში ბევრი კონკრეტიკა არ იყო, მაგრამ შეიცავდა მთავარ ლაიტმოტივს, რომელიც 2012 წლიდან გასდევს საქართველოს პოლიტიკას რუსეთის მიმართ  – როგორმე დათბეს, მოწესრიგდეს ურთიერთობები, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტმა, დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, გიორგი ბადრიძე განუცხადა.

მისი შეფასებით, ამისთვის საქართველო არბილებს რიტორიკას და დათმობებზე მიდის.

„ჯერ არ ყოფილა პრეცედენტი, რომ ჩვენი მხრიდან ამ დათმობას  რუსეთის რაიმე სახის შემხვედრი ნაბიჯი მოჰყოლოდა. არც ერთ  ჯერზე, როდესაც საქართველო რაიმეს თმობს, ამას არანაირი დადებითი გამოხატულება რუსეთის მხრიდან არ მოჰყოლია“, – განაცხადა ბადრიძემ.

მისი შეფასებით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადების გავრცელების შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველომ რუსეთთან ურთიერთობებში კიდევ ერთხელ დათმო.

„დარჩა შთაბეჭდილება, რომ ლაპარაკი არის მორიგ დათმობაზე და არა უბრალოდ დათბობაზე. დათმობებზე, რომელსაც საქართველოსთვის დადებითი არასდროს არაფერი მოუტანია“, – ამბობს ექსპერტი.

გიორგი ბადრიძე მიიჩნევს, რომ საქართველომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მხარი უნდა დაუჭიროს. თუმცა მისი მტკიცებით,  საპირისპირო კეთდება – როდესაც საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთს სანქციები უწესდება, საქართველო მასში არ ფიგურირებს და ხელისუფლება აქტიურად ემიჯნება ყველაფერს, რაც რუსეთთან არის დაკავშირებული.

ექსპერტის შეფასებით, ყველა მსგავს დათმობას რუსეთი უფრო მეტი აგრესიით პასუხობს. ბადრიძე ამის მაგალითად გრიგორი კარასინის განცხადებას ასახელებს.

„კარასინმა თქვა – ვინც იმედოვნებს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მიმართ რუსეთის პოზიცია შეიცვლება, არის დიდ ილუზიაში. სამწუხაროდ, ამაზე უფრო ნათლად ვერავინ იტყვის, რომ რუსეთს საქართველოს მიმართ აქვს სრულიად კონკრეტული, აგრესიული, იმპერიული დამოკიდებულება და ამას ჩვენი დამტკბარი რიტორიკა არ შეცვლის“, – ამბობს გიორგი ბადრიძე.

ექსპერტი  მიიჩნევს, რომ ერთადერთი სწორი გზა საქართველოს მხრიდან მტკიცე პოზიციის დაფიქსირება და უფრო აქტიური ზრუნვაა მოკავშირეებთან ალიანსების გამყარებასა და სახელმწიფოებრივი მშენებლობის გაგრძელებაზე.