გიორგი არსოშვილი - ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები დაიცვას, არ ვართ ორიენტირებული, რომ რაც შეიძლება მეტი ჯარიმა გამოიწეროს
ჩვენი პრიორიტეტია, თითოეულმა მძღოლმა საგზაო მოძრაობის წესები მაქსიმალურად დაიცვას და არავითარ შემთხვევაში არ ვართ ორიენტირებული, რომ რაც შეიძლება მეტი ჯარიმა გამოიწეროს, – ამის შესახებ შსს–ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„შსს–სთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი საგზაო უსაფრთხოების განმტკიცებაა და სწორედ ამ მიზნით ტარდება ფართომასშტაბიანი რეფორმა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს“ – განაცხადა არსოშვილმა.
მისი თქმით, პირველი, რამაც ახალი რეგულაციების ამოქმედება განაპირობა, ავტოსაგზაო შემთხვევებისა და ამის შედეგად გარდაცვლილი, თუ დაშავებული ადამიანების სამწუხარო სტატისტიკაა.
„ახალი რეგულაციების შედეგი ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებული რაოდენობა იქნება და რაც ყველაზე მთავარია – ნაკლები ისეთი შემთხვევა, რომელიც ადამიანის გარდაცვალებით დასრულდა. ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო წლის სტატისტიკა და ის დადებითი დინამიკა, რაც სტატისტიკაში აისახა. ვფიქრობთ, კომპლექსური ღონისძიებები თავის შედეგს უკვე იძლევა და გვეამაყება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების თვალსაზრისით, თუნდაც მიმდინარე წელს დადებითი სტატისტიკა გვაქვს“, – განაცხადა არსოშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ უნდა იმოქმედოს მოქალაქემ იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის რეგისტრაციის დოკუმენტში მისი ტელეფონის ნომერი არასწორადაა მითითებული და როგორ უნდა მოხდეს მისი ჩასწორება, გიორგი არსოშვილმა აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში მოქალაქემ ინფორმაცია შსს–ს მომსახურების სააგენტოს სპეციალურ აპლიკაციაში აუცილებლად უნდა ჩაასწოროს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას ინტერნეტთან წვდომა არ აქვს, შეუძლია, მომსახურების სააგენტოს რეგიონალურ ოფისებს მიმართოს, სადაც ინფორმაციის ჩასწორება ოპერატორების მიერ მყისიერად მოხდება და მოქალაქე ფოტოვიდეო ჯარიმის შესახებ სმს შეტყობინებას მოკლე დროში მიიღებს.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, ტარდება თუ არა შესაბამისი ღონისძიებები, რომ მოქალაქეებმა პირადი ინფორმაციის გასაჯაროებას თავი აარიდონ, გიორგი არსოშვილმა განაცხადა, რომ შსს–სთვის ამოსავალი წერტილი პერსონალური ინფორმაციის დაცვაა, რისთვისაც უწყება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან მჭიდროდ თანამშრომლობს და ცდილობს, იმ ტიპის რეგულაციები დანერგოს, სადაც პერსონალური ინფორმაციის გავრცელების რისკი მინიმუმადე იქნება დაყვანილი.