გიორგი არსოშვილი - 100-ქულიანი სისტემის შემოღებით მძღოლები უფრო მობილიზებული გახდნენ
გიორგი არსოშვილი - 100-ქულიანი სისტემის შემოღებით მძღოლები უფრო მობილიზებული გახდნენ

ფოტო-ვიდეო ჯარიმის გასაჩივრების მექანიზმი ძალიან მარტივია, – ამის შესახებ შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა, გიორგი არსოშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიმართოს და გაასაჩივროს კონკრეტული ფაქტი, რომელსაც სადაოდ თვლის. რა თქმა უნდა, ეს არანაირ მოსაკრებელთან არ არის დაკავშირებული. კონკრეტულ საჩივარს უფლებამოსილი პირი განიხილავს და გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ თითოეულ საჩივარზე ობიექტური გადაწყვეტილება მიიღება“, – განაცხადა არსოშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მოხდება თუ არა ვიდეო დაჯარიმებისას 100-ქულიანი სისტემიდან ქულების ჩამოკლება, გიორგი არსოშვილმა განაცხადა, რომ ფოტო-ვიდეო ჯარიმებს მართვის მოწმობაზე დარიცხულ ქულებზე ზეგავლენა არ აქვს, რადგან ფოტო-ვიდეო ჯარიმა იმ პირზე განწესდება, ვის საკუთრებაშიც კონკრეტული ავტო–სატრანსპორტო საშუალება, ან დროებითი სარგებლობის სანომრე ნიშანია.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 100-ქულიანი სისტემის შემოღებით მძღოლები უფრო მობილიზებული გახდნენ. ადრე იყო შემთხვევები, როცა ცალკეულ მძღოლებს შეეძლოთ, დაერღვიათ და ენ რაოდენობის ჯარიმა გადაეხადათ, ახლა კი, მძღოლების ეს კატეგორიაც მობილიზებულია, რომ არ დაარღვიონ, რადგან ამით მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულები აკლდებათ“, – განაცხადა არსოშვილმა.

შსს–ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ნასვამ მძღოლებთან დაკავშირებით სანქციები გასამკაცრებელია.

„ჩვენ ვსწავლობთ საერთაშორისო პრაქტიკას. კონსულტაციები მიმდინარეობს ექსპერტებთან და მას შემდეგ, რაც საუკეთესო პრაქტიკას შევისწავლით, შევჯერდებით და ოპტიმალურ გადაწყვეტილებას წარმოვადგენთ. მინდა, მადლობა ვუთხრა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც პროცესში ძალიან აქტიურად არიან ჩართული“, – განაცხადა გიორგი არსოშვილმა.