გიორგი ალიბეგაშვილი - ქართული უნიკალური ენაა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება და მოსახლეობამ უნდა დაიცვას კანონი „რეკლამის შესახებ“
მივესალმები თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებას, დედაქალაქში ფასადებზე გარე წარწერების ქართულ ენაზე გაკეთების აუცილებლობასთან დაკავშირებით. ეს გახლავთ მისი და მისი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება, რომ ის ქაოტური მდგომარეობა, რომელიც ჩვენს დედაქალაქშია, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა აღმოფხვრათ, – ამის შესახებ სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა განაცხადა.
„ეს მდგომარეობა ბუნებრივია, რომ არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ თბილისს, ჩვენი რაიონების თვითმართველ ქალაქებშიც ანალოგიური ქაოტური მდგომარეობაა. „რეკლამის შესახებ“კანონი ზუსტად არეგულირებს, როგორი წარწერა უნდა გაკეთდეს. ეს გახლავთ პირველ რიგში სახელმწიფო ენაზე, კომპაქტურად ჩასახლებულ რაიონებში, მოსახლეობის ადგილობრივ ენაზე და რა თქმა უნდა, კონსტიტუციის ერთ-ერთი ენა აფხაზურია, ბუნებრივია, აფხაზეთში აფხაზური ენაც. აქედან გამომდინარე, თუ სურვილი აქვს რომელიმე უწყებას, მას აქვს უფლება, რომ ინგლისურენოვანიც, ხაზგასმით ვამბობ, მხოლოდ და მხოლოდ ინგლისურენოვანი წარწერაც გააკეთოს“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
ალიბეგაშვილის განცხადებით, ქართული უნიკალური ენაა, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება და მოსახლეობამ უნდა დაიცვას კანონი „რეკლამის შესახებ“.
გიორგი ალიბეგაშვილის თქმით, თუ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის საჯარიმო სანქციების გამკაცრება საჭირო გახდება, ქალაქის მერთან შეთანხმებით დაიწყება გამკაცრებაზე მუშაობა.
„საჭიროების შემთხვევაში, თუ რა კუთხით იქნება აქცენტი გასაკეთებელი, ბუნებრივია, რომ ამ აქცენტს გავაკეთებთ და თხოვნით, საკანონმდებლო აქტის თუ სხვა რაიმე ფორმით შევალთ პარლამენტში, რომ რაც შეიძლება უფრო ზუსტად იყოს გამოკვეთილი ის მოთხოვნა ნებისმიერი შპს-ს ან დიდი ბრენდის მიმართ“, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს ახვლედიანის ქუჩაზე აღნიშნა, რომ დედაქალაქში ფასადებზე ქართული ენის გამოყენებას თბილისის მერია ყურადღებას მიაქცევს და განაცხადა, რომ „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები გამკაცრდება.