ქართული ენის პროგრამა ათენის კიდევ ერთ საჯარო სკოლაში ამოქმედდა
ქართული ენის პროგრამა ათენის კიდევ ერთ საჯარო სკოლაში ამოქმედდა

ათენის კიდევ ერთ საჯარო სკოლაში ქართული ენის პროგრამა ამოქმედდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

როგორც საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, საელჩომ საბერძნეთის განათლების სამინისტროსგან 2016 წელს მიიღო ნებართვა, საბერძნეთის საჯარო სკოლებში აემოქმედებინა ქართული ენის შესწავლის პროგრამა. მათი ინფორმაციით, პროგრამამ თავდაპირველად მუშაობა ათენის N50-ე საჯარო სკოლაში დაიწყო.

ამასთან, მიმდინარე აკადემიური წლიდან ქართული ენის პროგრამა ათენის კიდევ ერთ, 150-ე საჯარო სკოლაში ამოქმედდა.

150-ე სკოლის ქართველ აღსაზრდელებს ქართული ენის პირველი გაკვეთილი გუშინ ჩაუტარდათ, რომელსაც უძღვებოდნენ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ შერჩეული ქართველი პედაგოგები მადონა ჯავახიშვილი, ხათუნა ლობჯანიძე და ნინო ფრუიძე.

სასწავლო წლის პირველ ღია გაკვეთილს დაესწრნენ ათენში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი დეა მუმლაძე, ელჩის თანაშემწე ანი უძილაური და პროგრამის „საქართველოს ახალგაზრდა ელჩი“ გამარჯვებული, ლიკა ჯანელიძე, ასევე 150-ე საჯარო სკოლის დირექტორი მარია იოია.

საელჩოს წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მიულოცეს ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატება უსურვეს მშობლიური ენის წარმატებით დაუფლებაში.

დატოვე კომენტარი