გიორგი ახვლედიანი - კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას არავინ აპირებს, რა თქმა უნდა, არც „დემოკრატიული მოძრაობა“
კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას არავინ აპირებს და რა თქმა უნდა, არც „დემოკრატიული მოძრაობა“, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.
„ქართული ოცნება“ არაადეკვატურად იქცევა, როცა ჯიუტად აცხადებს, რომ პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს გადავალთ. ის არ აპირებს, გაიაზროს და მთელი მოსახლეობის მოთხოვნას ადეკვატური პასუხი გასცეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „დემოკრატიულმა მოძრაობამ“, ან რომელიმე სხვა ოპოზიციურმა პარტიამ თავისი პოზიციები უნდა შეცვალოს“, – განაცხადა ახვლედიანმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გაუშვა თუ არა ოპოზიციამ რეალური შანსი ხელიდან თავის დროზე, როცა ხელისუფლებამ კონსტიტუციის არსებულ პროექტზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, საარჩევნო სისტემის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეცვლა შესთავაზა, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ 2016 წლამდე ეს უბრალოდ, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა იყო, რადგან ხელისუფლებას საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არ აინტერესებდა, რაც მაშინ გამოჩნდა, როცა შემდეგ უკვე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე „ქართული ოცნება“ თავის მიერვე ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას არ დაუბრუნდა.
„ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერ დათანხმდება ხელისუფლებას, რომელიც ოპოზიციას და მთელ მოსახლეობას უცხადებს – მეგობრებო, მოდით, ახლა, 2016 წლის არჩევნები მაჟორიტარული სისტემით კიდევ ერთხელ მომაპარინეთ; მერე რა, რომ ხალხში დიდი მხარდაჭერა არ მაქვს?! უმრავლესობაში კიდევ ერთხელ ვიქნები და გპირდებით, 2020 წელს სამართლიან სისტემას დავამკვიდრებო“, – განაცხადა ახვლედიანმა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცოდა, რომ ასეთ გარიგებაზე ვერც ერთი ოპოზიციური პარტია ვერასოდეს წავა, ვერც ერთ ქვეყანაში და სინამდვილეში, ისინი საარჩევნო სისტემის ცვლილებას არ აპირებდნენ, რაც 2016 წლის არჩევნების შემდეგაც გამოჩნდა, როცა 116-კაციანი უმრავლესობით, “ქართულმა ოცნებამ” ხელი არ მოჰკიდა იმ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის განხორციელებაც თვითონ, ოპოზიციის გარეშე შეეძლო.
როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ხელისუფლებას პროპორციულ სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლის შეთავაზება 2017 წელსაც ჰქონდა, მაგრამ იმ პირობით, თუ ბლოკების შექმნის შესაძლებლობა გაუქმდებოდა და ყველა გადაუნაწილებელი მანდატი, ანუ ბონუსები, ხელისუფლებას დარჩებოდა, რითაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შინაარსი მთლიანად იკარგებოდა.
„დემოკრატიული მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ასევე განაცხადა, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საუბარი მხოლოდ მას შემდეგ შეიძლება, როცა საარჩევნო სისტემის გასამართლიანება მიიღწევა, სხვანაირად კი, ამას აზრი არ აქვს.