გიორგი ახვლედიანი - ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის გარკვეული წითელი ხაზები არსებობს, მაგრამ კომპრომისის არეალი არის
გიორგი ახვლედიანი - ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის გარკვეული წითელი ხაზები არსებობს, მაგრამ კომპრომისის არეალი არის

ახლა ამოსავალი წერტილია, კომპრომისის მიმართულებით ნაბიჯი გადაიდგას და შეთანხმება მოხდეს, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ წევრმა, გიორგი ახვლედიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.

„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მთელი პოლიტიკური სპექტრის წინაშე დგას, არის ის, რომ მაქსიმალურად მოვახერხოთ პოლიტიკური ნების პოვნა, როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციამ. თუ ეს არ მოხდა და მივიღეთ ასეთი ვითარება – მოლაპარაკებები ჩაიშალა და დაგვრჩა ის სისტემა, რომელიც ახლა გვაქვს, 77/73-ზე, ეს იმას ნიშნავს, რომ დაზარალდება აბსოლუტურად ყველა – მოლაპარაკების პროცესში მყოფი ყველა პოლიტიკური პარტია, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისი თქმით, 77/73-ზე მოდელი შესაძლოა, ყველა მოქმედი ხელისუფლებისთვის სასურველი ვარიანტი იყოს, მაგრამ „ქართული ოცნებისთვის“ დღეს ასეთი მომენტი არ არის, რადგან ხელისუფლებას მთელი მსოფლიო გამადიდებელი შუშით უყურებს, რაც მასზე ზეწოლის ძალიან სერიოზული ბერკეტია. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იქნება კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის გარკვეული წითელი ხაზები არსებობს, მაგრამ კომპრომისის არეალი არის.

„ხელისუფლება ამბობს 110/40-ზე, ხოლო ოპოზიციის გაჟღერებული ვარიანტებია 125/25-ზე და 130/20-ზე. ბუნებრივია, ხელისუფლებისთვის და ოპოზიციისთვის გარკვეული წითელი ხაზები არსებობს, მაგრამ 110-სა და 125-ს შორის შორის არის ლუფტი და გამოკვეთილად ჩანს, რომ კომპრომისის არეალი აქ არის. თუ ხელისუფლებას უნდა, მაღალი კონსენსუსით მიიღოს მოლაპარაკებების შედეგი, მაშინ ნაბიჯები უნდა გადმოდგას ამ ლუფტში, 115-სა და 120-ს შორის რომ მერყეობს. ამ მიმართულებით ეს ნაბიჯი ასევე უნდა იქნას გადადგმული ოპოზიციის მხრიდანაც“, – განაცხადა ახვლედიანმა.

როგორც „ერთიანი საქართველოს“ წევრმა აღნიშნა, ტრადიციულად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მძაფრი და მძიმე მოლაპარაკებების ბოლო დღეს ხდება ხოლმე და იმედი გამოთქვა, რომ კონსენსუსი მოიძებნება.

„საბოლოოდ, ორშაბათ-სამშაბათს გვეცოდინება, ხელისუფლება და ოპოზიცია ნაბიჯს დგამენ კონსენსუსისკენ თუ თავის თავში ვერ პოულობენ ძალას, მაგრამ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წინაშე იმდენად მაღალი მოტივაცია დგას, დარწმუნებული ვარ, კონსენსუსი მოიძებნება“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.