გიორგი ახვლედიანი - გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა, ამ მდგომარეობაშია ახლა მიხეილ სააკაშვილი
გიორგი ახვლედიანი - გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა, ამ მდგომარეობაშია ახლა მიხეილ სააკაშვილი

საარჩევნო სისტემის გარშემო გაერთიანება არ გულისხმობს რაღაც პოლიტიკური რევოლუციური გზის მიმართულებით ერთობას, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ახვლედიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, დღეს ოპოზიციური პარტიები გაერთიანებული არიან საარჩევნო სისტემის საკითხის ირგვლივ და არა „პოლიტიკური გზავნილების კონტექსტში“.

„რაც შეეხება რაღაც ისეთ ქმედებებს, რომლებიც აშკარად კონსტიტუციას აღარ შეესაბამება, პერსპექტივაში კიდევ თუ ვინმე გაივლებს ტვინში რაღაცა გადატრიალების, რაღაცა არაადეკვატური ქმედების, სიტუაციის ესკალაციას, დარჩება მარტო თავის იდეებთან. ეს საარჩევნო სისტემის გარშემო გაერთიანება არანაირად არ გულისხმობს რაღაც პოლიტიკური რევოლუციური გზის მიმართულებით ერთობას, არავითარ შემთხვევაში. არც ერთი პოლიტიკური პარტია იქ ერთმანეთის გვერდზე პოლიტიკური გზავნილების კონტექსტში არ დგას, მხოლოდ და მხოლოდ ზეპარტიული თემა, საარჩევნო სისტემის სამართლიანობა ქმნის ამ მაგიდას. ხელისუფლებას თუ უნდა, რომ ყველა მინუს ერთი მდგომარეობაში არ იყოს, დაუბრუნდეს თავისსავე პირობას და დაინახავს, რომ მეორე დღესვე მშვიდობიანი პროცესი გაგრძელდება მთელს ქვეყანაში, ისეთივე, როგორიც იყო ივნისიდან ნოემბრის 14 რიცხვამდე“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

გიორგი ახვლედიანმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ მას არავინ უსმენს.

„რაც შეეხება სხვა დამოკიდებულებას, რაღაც რევოლუციური ფორმატის განვითარებას, დამხობას, ჩვენ შეჩვეულები ვართ სააკაშვილისგან ასეთ განცხადებებს, ეს ადამიანი გასულია ყველანაირი მომსახურების ზონიდან, მას არ უსმენს აღარც მისი პარტია და მით უმეტეს, საზოგადოება და სხვა პოლიტიკური პარტიები. ადამიანი რაღაცნაირად თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი, ითხოვს იქიდან რევოლუციას, კივის, წივის. საარჩევნო სისტემის ინტერესი მას არ აქვს, როგორც ჩანს და მხოლოდ რევოლუციური განვითარების სურვილი აქვს. არავინ უსმენს მას, გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდა – ამ მდგომარეობაშია, ოღონდ ამ შემთხვევაში, ევროპულ ქალაქებზეა საუბარი“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩვენ, ქართველმა პატრიოტებმა უზურპატორი თავის ხუნვეიბიენებიან მანქურთებიანად უნდა დავამხოთ“.