გიორგი ახვლედიანი - არც ერთმა მხარემ არ უნდა დაუშვას, რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემა დარჩეს
გიორგი ახვლედიანი - არც ერთმა მხარემ არ უნდა დაუშვას, რომ დღევანდელი საარჩევნო სისტემა დარჩეს

დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არც ერთმა მხარემ არ უნდა დაუშვას, რომ დაგვრჩეს ის საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს გვაქვს, – ამის შესახებ „დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა გიორგი ახვლედიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული საარჩევნო სისტემის დარჩენის შემთხვევაში დაზარალდება ოპოზიცია, ხელისუფლება და ასევე დაზარალდება ქვეყანა,

„ხელისუფლება დაზარალდება, რადგან მას მერამდენეჯერ პირობა აქვს მიცემული მთელი მსოფლიოსთვის, რომ ამ საარჩევნო სისტემას შეცვლის და მოლაპარაკებების გზით შეთანხმებას მიაღწევს. შესაბამისად, ეს თუ ასე არ მოხდა, ხელისუფლება აღმოჩნდება სიტუაციაში, რომ თავისი დაპირება არ შეასრულა. ოპოზიცია კი დაზარალდება, რადგან ყველაზე ცუდი სისტემით მოუწევს არჩევნებში შესვლა, რაც ყოველთვის მძიმედ ისახება საარჩევნო შედეგებზე. აქედან გამომდინარე, დაზარალდება ქვეყანა, რადგან არსებულ მოდელზე არ დასრულდება კონფრონტაცია, რადიკალიზაცია, დაპირისპირება, სიტუაციის გამწვავება და ყველაფერი ეს ქვეყნისთვის ძალიან დამაზარალებელი იქნება. სწორედ ამიტომ არის ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანი, რომ მოლაპარაკებები შედგეს. ხელისუფლება გვთავაზობს 110/40-ზე, ხოლო ოპოზიცია სთავაზობს 130/20-ზე, რეალურად რომ ვთქვათ, არც 110/40-ზე და არც 130/20-ზე არ არის ის რეალური შეფარდება ციფრების, რომელზეც შესაძლებელია შეთანხმება შედგეს, უნდა მივიჩნიოთ რომ ეს უფრო არის საბოლოო კომპრომისისთვის წინასწარ დასახელებული ციფრები“, – განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, რთული მოლაპარაკებები საბოლოო გადაწყვეტილებით მთავრდება ბოლო დღეს.

„ძალიან რთულია ამ ბოლო დღის დასახელება, ეს 9 მარტი იქნება თუ 10 მარტი, თუმცა ალბათ ამის მერე აღარც არის ვადა. ვადის გაგრძელების შანსი არსებობს, თუ ხელისუფლება დაარეგისტრირებს თავის ინიციატივას 100/40-ზე, ამით ის გარკვეულწილად შექმნის მოლაპარაკებებისთვის დამატებით ერთ თვეს, ანუ პროცესის სახალხო განხილვა დაიწყება. სწორედ ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეიძლება, ვიდრე დოკუმენტი პარლამენტში შევა“, – განაცხადა ახვლედიანმა.