გიორგი აბრამიშვილი - ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ ე.წ. გარემოს დამცველებისგან, რა ზიანს აყენებს პატარა ჰესი გარემოს
ასეთი არეულობით, საბოლოო ჯამში, მეზობელი ქვეყნების წისქვილზე ვასხამთ წყალს, – ამის შესახებ „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების“ ასოციაციის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა.
აბრამიშვილის განცხადებით, მცირე ჰესის მშენებლობაზე ასეთი აგრესიული პროტესტის გაღვივება ეჭვებს აჩენს. ასოციაციის დირექტორის თქმით, გუშინ ვერცერთი არგუმენტი ვერ მოისმინა გარემოს დამცველებისგან, რა ზიანი შეიძლება მიაყენოს ჰესის მშენებლობამ გარემოს.
„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ის, რომ საკუთარი გენერაცია და საკუთარი რესურსები გამოვიყენოთ. ერთ-ერთი ძირითადი, რაც გაგვაჩნია, არის წყლის რესურსი და უნდა მოხდეს ამის ეფექტურად გამოყენება. რა თქმა უნდა, დიდ ჰესებს ზეგავლენა ცოტა უფრო მეტი აქვს, ვიდრე მცირეს, მაგრამ ისეთ მცირე ჰესებს, რომელზეც გუშინ ასეთი აგრესიული პროტესტი გაღვივდა, ცოტა სხვა ეჭვებს გვიჩენს. ვინაიდან ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ იმისა, გუშინ ე.წ. გარემოს დამცველებისგან, რა ზიანს აყენებს გარემოს და მით უმეტეს ასეთ განსაკუთრებულს, პატარა ჰესი.
დასაბუთებული ეჭვი გვაქvს, რომ ეს ყველაფერი მართულია გარკვეული ძალების მიერ. ჩვენი ეკონომიკა ვითარდება, განსაკუთრებით – ტურიზმი. წინა თვეში იმპორტი მხოლოდ 23%-ით გაიზარდა და საბოლოო ჯამში, მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მეზობელი ქვეყნების წისქვილზე ვასხამთ წყალს, ასეთ არეულობას რომ ვახორციელებ. გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ისეთ რეგიონში გვიწევს საქმიანობა, სადაც მეზობლებში პოლიტიკური ნიშნით ხდება გადაწყვეტილებების მიღება ყოველგვარი საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გარეშე. ძალიან რთულია, გრძელვადიან პერსპექტივაში ნდობა გქონდეს მათი და ამიტომ არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ საკუთარი გენერაცია განვავითაროთ“, – განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა.