მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობის საკითხზე შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ მშენებელი კომპანია გარემოს დაცვის სამინისტროს დამატებით დოკუმენტაციას წარუდგენს
მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობის საკითხზე შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ მშენებელი კომპანია გარემოს დაცვის სამინისტროს დამატებით დოკუმენტაციას წარუდგენს

თელავში მდინარე ლოპოტაზე ჰესის მშენებლობის საკითხზე დისკუსია გაიმართა. ლაფანყურის მოსახლეობისა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის სამსაათიანი შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა.

შეხვედრის მონაწილე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მშენებელი კომპანია გარემოს დაცვის სამინისტროს დამატებით დოკუმენტაციას, მათ შორის ჰესის მშენებლობის შემთხვევაში შესაძლო რისკებისა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ წარუდგენს. ამასთან მონაცემებს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია და კერძო ექსპერტი დეტალურად შეისწავლის. აღნიშნული ინფორმაციის გაცვლის შემდეგ კი, მორიგი შეხვედრა ჩაინიშნება.

ლოპოტა 1“ ჰესის აშენებას სოფელ ლაფანყურიდან 7 კილომეტრში, შპს „ართანა ლოპოტა“ აპირებს. ჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მდინარე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მილებში მოექცევა, რაც ხეობის გაუდაბნოებას გამოიწვევს. ადგილობრივების ინფორმაციით, ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, განადგურების საფრთხე დაემუქრება წითელ ნუსხაში შეტანილ ფლორას და ფაუნას.

თავის მხრივ, კომპანიის წარმომადგენლებმა ეკოლოგიური საფრთხეები გამორიცხეს და განმარტეს, რომ ჰესის მშენებლობა გარემოზე მინიმალურ ზემოქმედებას მოახდენს. რაც შეეხება პროექტიდან მოსახლეობისთვის მოსალოდნელ სარგებელს, კომპანიის თანამშრომლებმა აღნიშნეს, რომ ლაფანყურში მოეწყობა და სრულად შეიცვლება სამელიორაციო სისტემა, აშენდება ახალი ხიდი, წყლის სათავე ნაგებობა და იმდენი ადგილობრივი დასაქმდება, რამდენსაც თავად სოფელი გადაწყვეტს. თუმცა, ამ ეტაპზე ადგილობრივი მოსახლეობა კომპანიის მერ შეთავაზებულ ყველა წინადადებასა და შეთავაზებაზე უარს აცხადებს.

მორიგი შეხვედრის დრო ჰესის მშენებელი კომპანიის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ განისაზღვრება.

დატოვე კომენტარი