სოფელ ნამოხვანის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს
სოფელ ნამოხვანის მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები „ნამახვანის ჰესების კასკადის“ მშენებლობის ნებართვის გაუქმებას ითხოვენ.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ გარემოზე ზემოქმედების შედეგების არსებული დოკუმენტი ვერ ასახავს რეალობას და ამ დოკუმენტის ახლიდან შემუშავებას ითხოვენ. მათი აზრით, წარდგენილი დოკუმენტი რეალობას ვერ ასახავს. აქციის მონაწილეების განცხადებით, პროექტი ეკოსისტემას, სამეურნეო დარგებს და ადამიანების ჯანმრთელობას დააზიანებს.

„აქ არის ისეთი უნიკალური ჯიშის ვაზი, როგორიცაა ტვიში, უსახელოური და ხვანჭკარა. ტენიანობის მომატება კი მათ უნიკალურობას დაუკარგავს. აქედან 20 კილომეტრში მდებარეობს ქუთაისი და კაშხლის დაზიანების შემთხვევაში, 19 წუთში ქალაქს 34 მეტრიანი ტალღა დაარტყამს“,-განაცხადა საქართველოს პირველ არხთან არხთან სოფელ დერჩის მცხოვრებმა, მალხაზ მურუსიძემ.

აქციას შეუერთდნენ ეკოლოგები, ახალგაზრდა იურისტები, სამოქალაქო აქტივისტები და პარტია „თავისუფალი საქართველოს“, „ლეიბორისტული პარტიის“ და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები.

აქციის დაწყებამდე ლენტეხის და ქუთაის-გაენათის ეპარქიის სასულიერო პირებმა ერთობლივი პარაკლისი აღავლინეს.