გიორგი აბდალაძე გიგი უგულავას მიმართავს - კაცობა და სინდისი რომ გქონდეთ, გამოხვიდოდით და ბოდიშს მოიხდიდით
კაცობა და სინდისი რომ გქონდეთ, გამოხვიდოდით და ბოდიშს მოიხდიდით, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ გიგი უგულავას იმ განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც უგულავა ამბობს, რომ დღემდე არ იცის, არიან თუ არა ფოტოგრაფები ჯაშუშები, რადგან ამ სასამართლოსა და პროკურატურას არ ენდობა.
„ყველა მტკიცებულებაა, რომ ციხეში გვაწამებდნენ და გვაიძულებდნენ, ის სისულელე გვეღიარებინა, რაც თავის დროზე მათმა ჯგუფმა შეთხზა. ყოველთვის წაგებულები იქნებიან, სანამ სიმართლეს არ აღიარებენ, სანამ არ იტყვიან, რომ ჩვენთან და სხვა ადამიანებთან მიმართებით დანაშაული აქვთ ჩადენილი. რუსი პიარშიკები რომ ჰყავთ ვაშაძესა და გიგის, ის ხელმძღვანელობს მთელ გუნდს. სირცხვილია რუსი პიარშიკების კარნახით მოქმედება.
28 ნოემბრის შემდეგ, სიტუაცია შეიცვლება, რადგან ვინც განაწყენებულია „ოცნებაზე“ და ვისაც შეიძლება არ მოსწონდეს სალომე ზურაბიშვილის რაღაც განცხადებები, ყველა მიდის არჩევნებზე და ერთ რამეს აძლევს ხმას – არა „ნაციონალურ მოძრაობას“.ვაშაძე აპირებს იმ ადამიანების შეწყალებას, ვინც ჩვენ ციხეში გვაწამა და შეურაცხყოფა მოგვაყენა, ვინც გვაიძულა, ეს სისულელე გვეღიარებინა.
საერთაშორისო მედიის მხარდაჭერა და პროტესტი რომ არა, დაგვხოცავდნენ. ციხის უფროსს პირადად ჩემთვის აქვს ნათქვამი, რომ ციხიდან ცოცხალი ვერც ერთი ვერ გავიდოდით და იქვე მითხრა, 26 მაისს რომ არ წასულიყავით გადაღებაზე, არც ერთი აქ არ იქნებოდითო“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა. სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავდა, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ ცნეს.