გიგი უგულავა ფოტოგრაფების საქმეზე - ეს ადამიანები არიან თუ არა ჯაშუშები, დღემდე არ ვიცი, რადგან ამ სასამართლოსა და პროკურატურას არ ვენდობი
გიგი უგულავა ფოტოგრაფების საქმეზე - ეს ადამიანები არიან თუ არა ჯაშუშები, დღემდე არ ვიცი, რადგან ამ სასამართლოსა და პროკურატურას არ ვენდობი

როცა გედენიძე და აბდალაძე გამოდიან და ბოკერიაზე საუბრობენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ბოკერია იყო ადამიანი, რომელმაც ისტერიკა მოაწყო, რომ ეს იყო არასწორი. ეს ორი ადამიანი სპეკულანტია და დღეს, ხელისუფლების ხელში არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული იარაღი,-ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, „ფოტოგრაფების საქმეს იმთავითვე ასდიოდა ცუდი სუნი და შეცდომაც იყო“. „არ გამოვრიცხავ, რომ ამ შეცდომის შემდეგ, ცალკეულმა პირებმა ივაჟკაცეს იმისთვის, რომ მერე ეს საქმე ხელმძღვანელობისთვის ასე წარედგინათ და არა ისე. ეს ბიუროკრატიის ჩვეულებრივი ინსტინქტია. ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ გიგა ბოკერია იყო ის, ვინც ყველაზე მეტი იჩხუბა ამ თემაზე, როცა ხელისუფლებაში ვიყავით. ეს ადამიანები არიან თუ არა ჯაშუშები, მე დღემდე არ ვიცი, რადგან მე ამ სასამართლოსა და პროკურატურას არ ვენდობი. ისევე, როგორც ძალიან ბევრი საქმე მხოლოდ პროპაგანდისტულად არის გამოყენებული და როცა ბატონი გედენიძე და აბდალაძე გამოდიან და ბოკერიაზე საუბრობენ, ამ ორმა ადამიანმა ძალიან კარგად იცის, რომ ბოკერია იყო ადამიანი, რომელმაც ისტერიკა მოაწყო, რომ ეს იყო არასწორი, რომც საბუთები არსებობდეს, საკმარისი სამხილები იყოს, რადგანაც არიან ჟურნალისტები, გირაო უნდა იყოს და გამჭვირვალე სასამართლო უნდა იყოს. ამის გამო ვამბობ, რომ ეს ორი ადამიანი სპეკულანტია და დღეს, ხელისუფლების ხელში არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტული იარაღი“,- განაცხადა უგულავამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა. სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავდა, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ ცნე​ს.