გიორგი აბაშიშვილი - მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ინვესტორებისთვის რეგიონების საინვესტიციო პოტენციალის ჩვენებაა
მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ის არის, რომ ინვესტორებს რეგიონების საინვესტიციო პოტენციალი აჩვენოს. ჩვენი რეგიონები ბევრად უფრო მიმზიდველია, ვიდრე მხოლოდ თბილისი, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და ილიაუნის ბიზნესსკოლის ხელმძღვანელმა, გიორგი აბაშიშვილმა გადაცემის მსვლელობისას განაცხადა.
გადაცემაში ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების ტრენდი და მისი პერსპექტივა განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების გაზრდილმა ნაკადებმა კურსზე დადებითი გავლენა მოახდინა. თუმცა როგორც გადაცემის თანაწამყვანმა, ისე სტუმარმა ხაზი გაუსვეს, რომ ინვესტიციების არათანაბარი გადანაწილება რეგიონებზე ის უარყოფითი ფაქტორია, რაზეც მთავრობამ ბევრი უნდა იმუშაოს.
„ინვესტიციები რეგიონებში საკმაოდ არათანაბრად არის გადანაწილებული. სამი კვარტლის განმავლობაში ქვეყანაში შემოსული 909 მილიონი აშშ დოლარის უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოცულობიდან მხოლოდ 2.5 მილიონი რომ მიდის რეგიონში, აჩვენებს, რომ ინკლუზიური განვითარების საკითხი სერიოზულად დგას ქვეყნაში. რეგიონული პოლიტიკა მეტად უნდა განავითარონ განსაკუთრებით, საინვესტიციო მიმართულებით. როცა საინვესტიციო ფორუმები ტარდება, აქცენტი მხოლოდ კონკრეტულად ქვეყანაზე კი არ უნდა გაკეთდეს, არამედ მისი კონკრეტული რეგიონების მნიშვნელობაზე. ვერ წარმომიდგენია, რომ მაგალითად გურია იყოს რეგიონი, სადაც სამი კვარტლის განმავლობაში მხოლოდ 2.5 მილიონი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იხარჯებოდეს. ათჯერ ან ასჯერ უფრო მიმზიდველია გურიის საინვესტიციო პოტენციალი. მთავრობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, ჩემი აზრით, არის ის, რომ ინვესტორებს ერთის მხრივ, მთლიანად ქვეყნის პოტენციალი დავანახოთ, რაც კარგი გაგებით კარგად არის შეფუთული, მაგრამ უფრო მეტი გაშლა გვჭირდება რეგიონების კუთხით. ჩვენი რეგიონები ბევრად უფრო მიმზიდველია და საინტერესო, ვიდრე თბილისი“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
გადაცემის სტუმარმა ეკონომისტმა და საბანკო პროდუქტების ექსპერტმა, დათო კიკვიძემ აღნიშნა, რომ ამ კუთხით სასურველია, რეგიონებში სხვადასხვა სახის ეკონომიკური შეღავათები დაწესდეს.
„რეალურად საქართველო არის თავკომბალასავით – თბილისი და ბათუმი. ეკონომიკის სამინისტრომ სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ეკონომიკური აქტივობა თბილისისა და ბათუმის გარეთ გავიდეს და მსხვილ ქალაქებში გადანაწილდეს. საკმაოდ რთულია, ერთიანად ბევრი რეგიონი მოიცვა და იქ გარკვეული ღონისძიებები ჩაატარო, მაგრამ ძირითადი ქალაქები, როგორიც არის თუნდაც თელავი, ზუგდიდი, ჩოხატაური, ოზურგეთი, მნიშვნელოვანი რეგიონული ქალაქები, რომლებმაც ინვესტორს საინტერესო პოტენციალი შეიძლება დაანახონ არა მხოლოდ ტურიზმის, არამედ შიდა წარმოების კუთხით, ნელ-ნელა ასეთი ქალაქების განვითარება უნდა დავიწყოთ. თუნდაც გარკვეული საგადასახადო ან სხვადასხვა ტიპის ეკონომიკური შეღავათები დაწესდეს ამ რეგიონებში“, – განუცხადა დათო კიკვიძემ „ბიზნესპარტნიორს“.